Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

როგორ ეხმარებიან ხონში ჩასახლებულ დევნილებს?

მარიკა ვაჭარაძე
კატეგორია: დევნილები 
2010-04-13

[„P.S." („პოსტსკრიპტუმი")] ფაქტის პრეამბულა: გასული წლიდან ხელისუფლებამ ადგილნაცვალი პირებისთვის მუდმივი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყო. უცხოელი დონორების მიერ აგვისტოს ომის შემდეგ გამოყოფილი 4 მილიარდ 500 ათასი ლარიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხის გრძელვადიანად მოგვარებისთვის 796 მილიონი დოლარი გამოიყო, 2009 წლის მარტამდე 169 მილიონი დოლარი, მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში ადგილნაცვალი პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოხმარდა. 2009 წლის მარტიდან 2010 წლის მარტამდე კი ეს პრობლემა ძველ და ახალ დევნილებს თანაბრად მოუგვარდათ.

ბოლო ერთი წლის მანძილზე ამ სამუშაოს შესრულებისთვის სხვადასხვა სამშენებლო ფირმებმა 268 მილიონი დოლარი დახარჯეს. მესამე ეტაპი, რომელიც 2010 წლის მარტიდან 2011 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება, მხოლოდ ძველ ადგილნაცვალ პირებს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართით. მესამე ეტაპზე კი 359 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საჭიროებათა ერთობლივ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ძველი დევნილების საცხოვრებელი ბინებით გრძელვადიანი უზრუნველყოფისთვის 493 მილიონი დოლარი დაიხარჯება, ხოლო აგვისტოს ომის შემდეგ ადგილნაცვალი პირებისთვის - 303 მილიონი დოლარი.

***
ხონის რაიონში, ყოფილი სამხედრო დასახლებაში, კომპაქტურად ცხოვრობს 1200-მდე დევნილი. მათ შორისაა 82 წლის ვერა გოგუა. ის ხუთსართულიანი სახლის ოროთახიან ბინაში მარტოა. ისევე, როგორც სხვა ბინებს, მის ბინასაც სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ბოლო 6 თვეა, უტარდება. თუმცა მოხუცი ქალბატონი ამბობს: „აბაზანაში კარები რომ ჩასვეს, კედელი ამოტეხეს. ამოსალესად საჭირო ცემენტი ჩემი პენსიიდან ვიყიდე და მე თვითონ მოვიყვანე მოხელე, ამოვალესინე და 50 ლარი გადავუხადე. ამის მოწმეები არიან ჩემი მეზობლები. აქ, რამდენიმე თვის წინ გუბერნატორი იყო მოსული. წერილი მივეცი, სადაც დხმარებას ვთხოვდი. ვწერდი, რომ აქ უკვე ათეული წელია, რაც ვცხოვრობ და ჩემი მეუღლეც აქ დაიღუპა. მეგონა, ცოტა ყურადღებას მაინც გამოიჩენდა, მაგრამ, უკვე ერთი წელია, ჩემს წერილზე პასუხი არ არის. ეხლა, ამ რემონტის დროს, დაანგრიეს ყველაფერი, აბაზანაში კედელზე მხოლოდ ერთი ხაზი კაფელი უნდა გაეკრათ, მაგრამ არ გამიკეთეს. გარდა ამისა, შემოსასვლელი კარებიც უნდა გამოეცვალათ, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ. იმდენი ვიტირე და ვეხვეწე, გამიკეთეთ, მე აქ მარტო ვარ, არავინ არ მყავს-მეთქი, მაგრამ - არა. ვთხოვდი, სამზარეულოში ნიჟარა მაინც გამოეცვალათ, მაგრამ არც ის გამიკეთეს."

ხონის სამხედრო დასახლებაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოებს რამდენიმე კომპანია აწარმოებს. კონკრეტულ შემთხვევაში ამ საქმიანობით „ნიუ-ენერჯი"-ა დაკავებული. ამ ფირმას კონკრეტულ დასახლებაში სარემონტოდ მხოლოდ 8 კორპუსი გადაეცა. რვა ბინის რემონტისთვის კომპანიას 3 მილიონ 500 ათასი ლარი გადაურიცხეს, თუმცა, თავდაპირველად, ამავე საქმიანობისთვის მილიონ 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. „ნიუ-ენერჯის" საქმეთა მწარმოებელ ვასილ ძმაორაშვილის თქმით, თანხის დამატება დამატებითი სამუშაოს შესრულებამ გამოიწვია. „თავიდან არ იყო საუბარი ლამინირებულ იატაკზე. ჩვენ იატაკის მოხვეწა უნდა გაგვეკეთებინა. ამ საქმიანობისთვის ბევრი დრო დავკარგეთ, რადგან მოხვეწის შემდეგ იატაკი ან უნდა მოლაქულიყო, ან უნდა შეგვეღება. პროექტი შემდეგ შეიცვალა და ლამინირებული იატაკი დავაგეთ. ამ დასახლებაში ადგილობრივებიც ცხოვრობენ. მათ ბინებს უკეთდება მხოლოდ სანიტარული კვანძი და ის, რაც ამ საქმიანობას შეეხება. ასევე ისმება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები. რაც შეეხება შესასავლელ კარებს, არ იყო პროექტით გათვალისწინებული ადგილობრივ მოსახლეზე. თუმცა ეს კომპანიამ თავისი ნებით დაამატა. ასევე ის ადგილებიც გავაკეთეთ, სადაც კედელი ამოიმტვრა. კონკრეტულად კი ამოვლესეთ და შევღებეთ. ამ წუთებში, თუ სადმე რამე დეფექტია, იმას ვასწორებთ. სარემონტო სამუშაოები იმ ფაქტის გამოც გაგრძელდა, რომ რამდენიმე კვირა დასახლებაში დენი არ იყო. ჩვენ მაინც არ გავჩერებულვართ და გენერატორით ვიმუშავეთ. ჩვენმა კომპანიამ 6000 ლარი ელექტროენერგიის მოხმარების ფული გადაიხადა, რომელიც არანაირად არ შეიძლებოდა, რომ ჩვენ დაგვეხარჯა. ეს კომპანიის კეთილი ნება იყო. სამუშაოები დასრულებულია. ამ ქალბატონთან რატომ დარჩა ასეთი ხარვეზი, არ ვიცი, ალბათ, კონტროლზე ვერ ავიყვანე. რაც ადგილობრივ მცხოვრებს უკეთდება, ამ ქალბატონსაც იგივე გაუკეთდება," - ამბობს ძმაორაშვილი.

მეორე პრობლემა, რომელსაც„ნიუ-ენერჯის" საქმეთა მწარმოებელი ასახელებს, წვრილმანი ქურდობებია: „აქ ადგილობრივი მუშა-ხელი გვყავს დასაქმებული და ძალიან წავაგეთ. იმიტომ, რომ მამაძაღლობის მეტი ადგილობრივმა არაფერი გააკეთა და სამუშაოც ძალიან უხარისხოდ შეასრულა, თავიდან გაკეთება დასჭირდა. ორ კორპუსში მთლიანად შევცვალეთ სანტექნიკა, რაც ჩვენთვის ზარალი იყო. ადგილობრივების დასაქმება ჩვენ გამგებელმა გვთხოვა. დავასაქმეთ და ქურდობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ზუსტად 101-ე ნომერ ბინაში რამდენიმე დღის წინ 14 მეტრი კანალიზაციის მილი მოიპარეს. უნიტაზებს პარავენ ერთმანეთს და საპირფარეშოს კარებს... სამართალდამცველებს რამდენჯერმე მივმართეთ და დაიჭირეს კიდეც რამდენიმე ადამიანი," - ამბობს ვასილ ძმაორაშვილი.

წვრილმანი ქურდობის ფაქტები სარემონტო სამუშაოების დაწყებისთანავე რომ გახშირდა, ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ. ისიც ფაქტია, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს. თუმცა სარემონტო სამუშაოების ვადაში დაუმთავრებლობის მიზეზად უშუქობაც სახელდება. ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო დევნილთა სამხედრო დასახლება თითქმის ერთი კვირა სასმელი წყლის გარეშეც იყო დარჩენილი. დასავლეთ საქართველოს „ენერგო-პრო-ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეონა გეგუჩაძის თქმით: „ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს დაგროვილი დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ მიმდინარე წლის 25 თებერვალს. ამ დროისთვის მათი დავალიანება აჭარბებს 24 ათას ლარს. ყოველთვიურად ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით დევნილებს ერიცხებათ დაახლოებით 15 700 ლარი, რომელიც არაა საკმარისი დაგროვილი დავალიანების დასაფარად. რაც შეეხება სამხედრო დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას, არსებული დავალიანების დაფარვისთანავე მათ კვლავ მიეწოდებათ ელექტროენერგია. აქვე წარმოგიდგენთ ინფორმაციას აღნიშნულ დასახლებაში მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების შესახებ: ხონის სამხედრო დასახლებაში სარემონტო და გამრიცხველიანების სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე გარემონტებულ კორპუსებში დამონტაჟებულია 492 მრიცხველი. სამუშაოები გრძელდება და კონტრაქტორს დასამონტაჟებლად გადაცემული აქვს კიდევ 80 ინდივიდუალური მრიცხველი. სამუშაოების დასრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ ს/ს „ენერგო-პრო-ჯორჯია" მოახდენს დევნილთა ინდივიდუალურ აბონენტებად აყვანას და მათ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენების მიხედვით დაერიცხებათ. ამჟამად ელექტროენერგიის საფასური მათ საერთო მრიცხველით ერიცხებათ."

ხონის დევნილთა სამხედრო დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. სავარაუდოდ, „ნიუ-ენერჯიც" დაკისრებულ სარემონტო სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაასრულებს. თუმცა ის, რომ სამშენებლო კომპანია ვადებში ვერ ჩაეტია, შესაძლოა, კომპანიისთვის კიდევ ერთი საჯარიმო სანქციის საბაბიც გახდეს.


ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker