დევნილთა გრძელვადიანი განსახლების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი პარლამენტში მიიწვიეს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე კობა სუბელიანმა, როგორც დეპუტატების, ისე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელთა იმ კითხვებს უპასუხა, რაც კომიტეტის სხდომაზე დაისვა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. კერძოდ იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ვერ სარგებლობს იმ შესაძლებლობებით, რაც ჯანდაცვის კუთხით გაგვაჩნია. მათ შვილები სამკურნალოდ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ჩამოჰყავთ, თუმცა უკან დაბრუნების შემდეგ ოკუპანტები რეპრესიებს უწყობენ. მინიტრმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება, ყველამ ერთად ამ მიმართულებით გააქტიუროს ყურადღება.
ასევე, ისაუბრა როგორ მიმდინარეობს დევნილებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი. კობა სუბელიანის თქმით: “დღევანდელი მდგომარეობით, 15 000 ოჯახს ფართები საკუთრებაში მიღებული აქვთ ან პროცესი გრძელდება და საჯარო რეესტრიდან ამონაწერს უახლოეს პერიოდში მიიღებენ.”
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც კომიტეტის სხდომაზე დაისვა, ქირით ან ნათესავებთან მცხოვრებ დევნილებს შეეხებოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს კატეგორია დიდი პრობლემაა გამომდინარე იქიდან, რომ შეთავაზება დევნილების მოსაწონი და ადეკვატური უნდა იყოს და დასძინა, რომ უახლოეს წელიწადნახევარში საკუთარი ჭერის გარეშე არცერთი დევნილი დარჩება.
ასევე გაჩნდა კითხვა, უყურადღებოდ ხომ არ დაგვრჩა აფხაზეთიდან დევნილები. მინისტრმა აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ კონკრეტული მაგალითები დაასახელა. მისი თქმით, პრეზიდენტის განკარგულებით, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებითვის ფართების დაკანონება და რეაბილიტაცია 2007 წელს დაიწყო: “ეს ის დროა, ეგრეთწოდებული “ახალი დევნილები” არ არსებობდნენ. შესაბამისად, პრეზიდენტის განკარგულებით, საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებულ იქნა ასობით ობიექტი, რომელშიც დევნილები ცხოვრობდნენ და უნდა გაყიდულიყო. ეს ობიექტები აფხაზეთიდან დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის ფართების დაკანონებისა და სარემონტო სამუშაოების პროცესი დროებით შეაფერხა. მაგრამ ჩვენ ამ პროცესს ცეცხლის შეწყვეტიდან 7-8 თვეში ოპერატიულად მივუბრუნდით უკან. პროცესი გრძელდება და უახლოეს წელიწადნახევარში ქირით და ნათესავებთან მცხოვრები ყველა დევნილი დაკმაყოფილდება.”
კობა სუბელიანმა ობიექტების გამრიცხველიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთრებაში გადაცემული ყველა ობიექტი ელექტროენერგიის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ექვემდებარება.