თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით მესამე სექტორი გააქტიურდა. ჰუმანიტარულ - კულტურული ფონდი ,, სოხუმი’’ ბათუმში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წევრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო მაისის ბოლოს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩვენებში წარმოდგენილი ქალი კანდიდატების რაოდენობის გარკვევა, ასევე პარტიულ სიებში მათი რიცხვითი ნომრები. დისკუსია ასევე შეეხო პოლიტიკური პარტიების საარჩვენო პროგრამას.
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, მათ სასაუბროდ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია მიიწვიეს, მაგრამ ფონდი ,,სოხუმის’’ მიწვევა მხოლოდ ,,რესპუბლიკურმა პარტიამ’’, ,,ახალმა მემარჯვენეებმა’’ და ,,ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ’’ მიიღო.
- სამწუხაროა, რომ ბათუმის საკრებულოში არც ერთი ქალბატონი არ არის წარმოდგენილი. ჩვენი შეხვედრაც სწორედ იმას ემსახურება, რომ ქალთა როლი გაიზარდოს პოლიტიკაში და ეს თვითმართველი ორგანოებიდან უნდა დაიწყოს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში ორგანიზაციის კოორდინატორმა მირანდა გვანცელაძემ. _ მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოლიტიკური სპექტრი მოვიწვიეთ, დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოვიდნენ. მათ წარმოადგინეს საკუთარი საარჩევნო პროგარამები, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გენდერული თანასწორობა, ისე როგორც წინა წლებში ახლაც მინიმუმია.
შეხვედრას პოლიტიკური პარტიების გარდა, არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პედაგოგები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ფონდი ,,სოხუმი’’ მსგავს შეხვედრებს დასავლეთ საქართველოს ყველა ქალაქში გამართავს.