საქართველოს პარლამენტში გაიმართება გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის ოფიციალური წარდგენა.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი ძალაში შევიდა 2010 წლის მარტიდან. კანონის მიღებამ დააგვირგვინა ხუთწლიანი კამპანია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებულ გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო შევედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (Sida) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებდა. 2004 წელს დაწყებულმა საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიამ საქართველოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. მისი მიზანი იყო გენდერულ საკითხებზე მსჯელობის ხელშეწყობა და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა.
კამპანიის ფარგლებში ყოველწლიურად იმართებოდა გენდერული კვირეული, ჩატარდა პროფესიული კონკურსები ჟურნალისტებისათვის, გამოვლინდა საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ბიზნეს კომპანიები, რეგულარულად იმართებოდა საინფორმაციო სესიები პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
გარდა ამისა, განხორციელდა რამდენიმე მასშტაბური კვლევა, რომელთა მიზანიც იყო გენდერული საკითხების სოციალური, პიროვნული, კულტუროლოგიური და პოლიტიკური ასპექტების განხილვა და საქართველოს ჯანდაცვის, განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების გენდერული ტენდენციების ანალიზი.
მედიას ვიწვევთ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის წარდგენაზე სამშაბათს, 4 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის დარბაზში.
რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე
ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში