ქალები პოლიტიკურად აქტიურები რომ არ არიან, ამას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი მონაწილეობის სიმწირე ადასტურებს, მართალია, მამაკაც კანდიდატებს შორის რამდენიმე ქალბატონია, თუმცა პოლიტიკური ამინდის შემქმნელებად მამაკაცები რჩებიან. თუ გასულ წლებში არჩევნებში მონაწილე ქალბატონთა რიცხვი შედარებით მეტი იყო, წელს გაცილებით ნაკლებია.დღეს თითქმის ყველა სფეროში ვხვდებით წარმატებულ ქალბატონებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს არანაკლებ ეფექტურად შეუძლიათ მართვა, ვიდრე ძლიერ სქესს, მაგრამ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ასპარეზზე მაინც არასაკმარისია. სახელისუფლო ქვედა რგოლებში, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ, ქალები თითქმის არ ჩანან, ხოლო, სადაც კარგი შემსრულებელია საჭირო, შედარებით მეტი ქალბატონია. დღეს გამონაკლისი არც ადგილობრივი მმართველობებია, თითქმის ყველა მდივანი ქალია, ხოლო არც ერთია გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე ან გუბერნატორი.ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, ქალი ოჯახში უნდა ყოფილიყო, სამზარეულოში ეტრიალა და შვილები აღეზარდა. დღეს, სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, ბევრი ქალბატონი საკმაოდ კარგად ახერხებს შვილების აღზრდასა და სამსახურში სიარულსაც. ქართველი ქალბატონების უმრავლესობა პოლიტიკისგან შორსაა და ბედს უფრო სხვა მიმართულებით სცდის და საკმაოდ წარმატებულიც არიან. ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის გააქტიურებას ახალმა, გენდერის თაობაზე კანონმაც შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პარტიამ საარჩევნო სიაში ქალი კანდიდატები შეიყვანა, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა ამ დრომდე პარტიული სიების მოსართავს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალური პოლიტიკური გავლენის მქონე ქალბატონთა ანგარიშგასაწევ ფაქტორს, არავინ იცის რამდენი ქალბატონი გახდება საკრებულოს წევრი.ნინო მურაკაშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელი და პარტიული სიით პირველი ნომერი, აქტიური და მიზანსწრაფული ქალბატონია. ის ამბობს, რომ ოჯახისა და პოლიტიკური საქმიანობის გაძღოლას თავს კარგად ართმევს. სახლის საქმესაც მშვენივრად ასწრებს და ფიქრობს, რომ ქალები ყველგან უნდა იყვნენ, რადგან ისინი კარგი მაკონტროლებლები არიან.ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას ქალი კანდიდატები ყველა პარტიაზე მეტი ჰყავს წარმოდგენილი წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებში, მაგალითად, გურჯაანის საარჩევნო ოლქში 6 ქალბატონი ჰყავს.პარტიის თავმჯდომარე, ნინო მურაკაშვილი ამბობს, რომ ქალბატონები პოლიტიკაში ფეხს იკიდებენ, რაც ძალიან კარგია და საჭირო:` - თავმჯდომარე ვარ და ვფიქრობ, ქალები ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებენ, რათა ყველაფერი სუფთა და გამჭვირვალე იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცები ამას ვერ შესძლებენ, მაგალითად, საკრებულოში თანხებთან დაკავშირებით კონტროლს ქალები უფრო კარგად გაართმევენ თავს. ეს არ იყო ჩემი პრეტენზია, რომ სოფლებში ქალი კანდიდატები შემერჩია, მაგრამ ეს თავისთავად მოხდა. მამაკაც კანდიდატურებს შორის დავინახე, რომ ქალბატონები უკეთესები იყვნენ, ამან განაპირობა მათი შერჩევაც~.ნაციონალური მოძრაობიდან წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებში რაიონში სულ 3 ქალბატონი მიიღებს მონაწილეობას. ხათუნა ჭონიაშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველი ნომერია. იგი, საკმაოდ აქტიური ქალბატონია და მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც საოჯახო და სამსახურის საქმეებს ერთმანეთს იდეალურად უთანხმებს:` - ქალები პოლიტიკაში ნაკლებად არიან, აქტიურობის შემთხვევაშიც 70/30-ზე ან უფრო ნაკლებიც. მამაკაცების გამჭრიახ ბუნებას ქალის მოქნილი აზროვნება აუცილებლად გამოადგება. ქალბატონები ჩვენს ძალ-ღონეს ისევ გურჯაანის რაიონის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გამოვიყენებთ. პრობლემები იმდენად ბევრია, რომ მამაკაცის ფიზიკური ძალა ბევრგანაა საჭირო, მაგალითად, ველისციხის წყალსაცავთან დაკავშირებით მამაკაცებმა ფიზიკურად ბევრი იმუშავეს, მაგრამ ქალის ინტელექტი საქმეს ბევრად წაეხმარება~.წინა პარტიასთან შედარებით ერთით ნაკლები ქალბატონი მიიღებს მონაწილეობას წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნებში მოძრაობა სამართლიანი საქართველოს გურჯაანის რაიონული ოფისიდან.სოფიო რაქვიაშვილი, მოძრაობა სამართლიანი საქართველოს გურჯაანის რაიონული შტაბის ოფის მენეჯერია. მისი თქმით, პარტიას სულ 2 ქალბატონი კანდიდატი ჰყავს რაიონში, თუმცა ამბობს იმასაც, რომ, თუ გაამართლა ქალბატონების რიცხოვნობის ზრდაზე სამომავლოდ აუცილებლად იფიქრებენ:
- ორი ქალბატონი კანდიდატი გვყავს საარჩევნო სიაში ქალაქ გურჯაანსა და სოფელ შაშიანში. ქალბატონების პარტიაში ყოფნა ძალიან კარგია და, თუ დავინახეთ, რომ ქალთა აქტიურობამ დადებითი შედეგები მოიტანა, ვიზრუნებთ მათი რაოდენობის გაზრდაზე