ნინო მოდებაძე კატეგორია: გენდერული პოლიტიკა  2011-07-08
ღონისძიების მეორე დღე დაეთმო პოლიტიკურ პროცესებში ქალთა აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას
თბილისში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია თემაზე - ,,პოლიტიკური პარტიების დაფინანსება” და ,,ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში".
ღონისძიების მეორე დღე დაეთმო პოლიტიკურ პროცესებში ქალთა აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას. ამ კუთხით შექმნილ დაბრკოლებებსა და გამოწვევებს, ქვეყანაში შექმნილ ზოგად მდგომარეობას და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას.
მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ქ–მა რუსუდან კერვალიშვილმა. მან ისაუბრა საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებისა და არსებული პრობლემების შესახებ.
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გენდერული თანასწორობის საკითხების საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა, სიტუაცია კვლავ რთულია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ამის დასტურია საბაზისო კვლევა „გენდერული თანასწორობა არჩეულ თანამდებობებზე: ექვსსაფეხურიანი სამოქმედო გეგმა“, რომელიც მომზადდა ქალების პოლიტიკურ პარტიებში მონაწილეობის მხარდასაჭერად ეუთო/ოდირის სახელმძღვანელოსათვის. კვლევის მიხედვით ეუთოს მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო ეროვნულ პარლამენტებში ქალთა წარმომადგენლობის მონაცემებით ბოლო ადგილს იკავებს.
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორმა, ბ–მა ლუის ნავარომ, ისაუბრა მმართველობის ყველა დონეზე ლიდერ ქალთა ხელშეწყობის მიზნით უფრო აქტიური საქმიანობის გატარების აუცილებლობის, ასევე, პატრიარქალურ აზროვნებასთან და გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლის საჭიროების შესახებ. მან ასევე განაცხადა, რომ 2011 წლის სექტემბერში, საქართველოში, იგეგმება რიგი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას მმართველობის ყველა დონეზე, რომელიც მხარდაჭერილი იქნება ქვეყნის მთავრობის მიერ.
ეუთო/ოდირის დემოკრატიული მართვისა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში მონაწილეობის მიმართულების ხელმძღვანელმა, მარჩინ ვალეცკიმ, ისაუბრა შეხვედრის მნიშვნელობის შესახებ და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვუწოდოთ დემოკრატიული, თუ ქალები და მამაკაცები მმართველობის ყველა დონეზე თანაბრად არიან წრმოდგენილნი.
მრგვალი მაგიდის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, რომელიც ეხებოდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ქალთა მონაწილეობას.
ხარისხობრივ კვლევაზე „საქართველოში ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის მონიტორინგი“ დაყრდნობით, რომელიც მომზადდა ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრისა მიერ პროექტის „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა მონიტორინგის“ ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (MATRA)–ს მხარდაჭერით, საინტერესო პრეზენტაციით წარსგდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ქ–ნი ელენე რუსეცკი. მან მონაწილეებს გააცნო სტატისტიკური მონაცემები საქართველოში გადაწყვეტილების ყველა დონეზე ქალთა მონაწილოების შესახებ და აღწერა ამ მიმართულებით პოლიტიკურ პარტიებში შექმნილი სურათი. წარადგინა რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა დაწინაურებას როგორც პოლიტიკურ პარტიებში, ასევე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ელენე რუსეცკიმ მონაწილეებს შეახსენა 2008 წლის მარტში საქართველოს ქალთა კოალიციის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობას – ანუ გენდერული თანასწორობის მისაღწევად დროებითი სპეციალური ზომების გატარებას (კვოტირების სახით). მან აღნიშნა, ინიციატივის დროული განხილვისა და ამოქმედების აუცილებლობა.
მომხსენებლების გამოსვლის შემდგომ გაიმართა დისკუსი და ყველა მონაწილეს მიეცა საშუალება გამოეთქვათ თავისი მოსაზრება აღნიშნულ საკითხებთან მიმართბაში, წარედგინათ რეკომენდაციები და ერთობლივად ეპოვნათ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი გზები.
კონფერენცია გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში და მასში მონაწილეობდნენ წამყვანი პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და არასამთვარობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.
მრგვალი მაგიდა გაიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ,,ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის" (OSCE-ODIHR) ორგანიზებით, რომელთაც მხარი დაუჭირა ,,ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (NIMD) და ,,საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა" (IFES).
წყარო: პორტალი GINSC |