კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2011-07-11
ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
წელს, 31 ოქტომბერს მოსახლეობის რაოდენობა მსოფლიოში 7 მილიარდს მიაღწევს. ეს ერთდროულად გამოწვევაცაა, შესაძლებლობაც და ქმედებისკენ მოწოდებაც. დღეს, მოსახლეობის მსოფლიო დღეს, მე ვიწყებ კამპანიას სახელწოდებით "7 მილიარდი აქტივობა". ამ კამპანიის მიზანია, ადამიანები დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას ნიშნავს 7 მილიარდიან მსოფლიოში ცხოვრება.
დღეს, როცა სიღარიბე, უთანასწორობა და რესურსების უკმარისობა მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს, მსოფლიო უფრო მეტადაა შეკავშირებული, რაც უდიდეს შესაძლებლობებს აჩენს. ახლა ჩვენ იდეებისა და ინფორმაციის გაზიარების უპრეცედენტო პოტენციალი გაგვაჩნია და საერთო პრობლემების გადაჭრაში ვრთავთ მრავალფეროვან საზოგადოებას მთელი დედამიწის მასშტაბით.
უთანასწორობის შემცირება და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის მოითხოვს ახლებურ აზროვნებას და მთელი მსოფლიოს უპრეცედენტო თანამშრომლობას. და, აი დადგა მოქმედების დროც.
ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი ახალგაზრდებთან ერთად, მხარი დავუჭიროთ გოგონებისა და ქალთა უფლებების წარმოჩენას, ერთად დავიცვათ ბუნებრივი რესურსები, რაზეც ყველა ჩვენთაგანია დამოკიდებული.
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა ჩვენი მომავლისა და მდგრადი განვითარების საფუძველია. ერთად ჩვენ შეგვიძლია განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები იმ 215 მილიონი ქალის საჭიროებები დავაკმაყოფილოთ, რომლებსაც ოჯახის დაგეგმვა და ორსულობებს შორის შუალედის დაცვა სურთ, მაგრამ თანამედროვე კონტრაცეფციაზე ხელი არ მიუწვდებათ. ერთიანი ძალისხმევით შეგვიძლია გართულებული ორსულობისა და მშობიარობის გამო ყოველდღიურად 1,000 ქალის სიკვდილი ავიცილოთ თავიდან.
როცა ქალები და მოზარდი გოგონები სარგებლობენ გარკვეული უფლებებითა და შესაძლებლობებით, მაშინ საზოგადოება წარმატებით ვითარდება. ჩვენ შეგვიძლია და გვევალება კიდეც, რომ ინვესტირება მოვახდინოთ მსოფლიოში მცხოვრებ 10-დან 24 წლამდე ასაკის 1.8 მილიარდ მოზარდსა და ახალგაზრდაში. ისინი მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედზე მეტს შეადგენენ და მათი თითქმის 90% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. ყოველი ახალგაზრდა იმსახურებს განათლების უფლებას, სქესობრივი განათლების ჩათვლით, ასევე ყოვლისმომცველ ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას. სწორად განსაზღვრული პოლიტიკის, ინვესტიციებისა და სოციალური მხარდაჭერის მეშვეობით ახალგაზრდები შეძლებენ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, სიღარიბის გარეშე, მშვიდობისა და სტაბილურობის პერსპექტივით.
ახალგაზრდობა მოსახლეობის ყველაზე ურთიერთდაკავშირებული ნაწილია, ასეთი კავშირები კი იწვევს საზოგადოების, პოლიტიკისა და კულტურის გარდაქმნას. ქალებისა და ახალგაზრდების მეტი აქტიურობით შეგვიძლია ავაშენოთ უკეთესი მომავალი ყველა თაობისთვის.
მოგიწოდებთ, მოსახლეობის მსოფლიო დღეს, ეწვიოთ ვებ-გვერდს www.7billionactions.org, უფრო მეტი შეიტყოთ მთავარი გამოწვევების შესახებ, გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ თითოეულ თქვენთაგანს ამ მოძრაობას შეუერთდეთ. მრავალჯერადად განხორციელებულ ინდივიდუალურ აქტივობებს მსოფლიოს შეცვლა შეუძლია. ერთად ჩვენ 7 მილიარდი ადამიანი ვართ, რომლებსაც ერთმანეთის იმედი გვაქვს.
წყარო
|