სამ ტურში სამი მოგება – ასეთი შედეგი გააჩნია ქართველ მოჭადრაკე ნაზი პაიკიძეს (2416), რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველ ნომრად გახლავთ განთესილი და ფავორიტის სტატუსს სრულად ამართლებს.
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე ტურნირის მესამე ტურში პაიკიძე თეთრი ფიგურებით თურქ კუბრა ოზთურქს (2258) დაუპირისპირდა და 42-ე სვლაზე იმარჯვა.
ნაზის გარდა, მაქსიმალური შედეგი პერუელ დეისი კორის (2376), ინდოელ როუტ პადმინის (2348), რუს ოლგა გირიას (2371), რუმინელ ირინა ბულმაგასა (2293) და აზერბაიჯანელ ნარმინ კაზიმოვას (2292) გააჩნიათ.
მომდევნო ტურში პაიკიძე შავი ფიგურებით ხენებულ პადმინის ეთამაშება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა ქეთი წაწალაშვილმა (2318), რომელიც მასპინძელ შეტი შრისტის (1927) შავებით აჯობა. წაწალაშვილი 1.5 ქულით 39-ე ადგილზე იმყოფება. მეოთხე ტურში წაწალაშვილი თეთრი ფიგურებით ეკვადორელ ეჩევერია რომეროს (2071) დაუპირისპირდება.
ჩენაის სასტუმრო “ვიჯაი პარკში” მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ტურად მიმდინარეობს და 15 აგვისტოს დასრულდება, დასვენების დღედ კი 8 აგვისტოა გამოყოფილი.