საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დღეს ბათუმში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
კონცერტამდე დიმიტრი შაშკინი ცნობილ ქართველ პიანისტს შეხვდა და საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების დაწყებამდე გამოფენა "ქართული ხელნაწერი" მოეწყობა.
გამოფენაზე ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ზუსტი ასლები (მულაჟები) იქნება წარმოდგენილი.
უნიკალურ ხელნაწერთა შორისაა მოქვის სახარებაც, რომელსაც გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება.
უნიკალური ხელნაწერების გადასარჩენად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მილიონი ლარი გამოყო.
კონცერტიდან შემოსული თანხა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ანგარიშზე ჩაირიცხება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერის რესტავრაციას მოხმარდება.
სწორედ ამ უძველესი ძეგლების გადასარჩენად, მათი, როგორც უნიკალური, ეროვნული მნიშვნელობის კოლექციის დაცვის, კვლევის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება შეიქმნა, რომლის წევრიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.
ამავე საზოგადოების წევრია ელისო ბოლქვაძეც.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქველმოქმედო კონცერტის მხარდამჭერებია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ავიაკომპანია "აირზენა", რადიო "მუზა" და აჭარის ტელევიზია.