საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან დევნილების მხარდამჭერი აქცია, სახელწოდებით - "მე-ც დევნილი ვარ" გაიმართა.
"დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის", "წინააღმდეგობის მოძრაობისა" და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული აქციის მთავარი მოთხოვნა, დევნილების გამოსახლების პროცესის შეჩერება და უკვე გამოსახლებულების საცხოვრებელი ფართებით თბილისში დაკმაყოფილება იყო.
ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებმა გაეროს ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმი მაკ"გოლდრიკის სახელზე სპეციალური წერილიც შეიტანეს. გარდა ამისა, მათ დღევანდელ აქციაზე ოფისის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაც მოითხოვეს.
"დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" ხელმძღვანელის, მანუჩარ სიგუას განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ გაერო-ს დევნილთა უფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება აქვს, აუცილებელია ამ ორგანიზაციას ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია ქართველი დევნილების მდგომარეობის შესახებ, რათა მათ სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.