დღეს ოკუპირებული ახალგორის რაიონის სკოლებში სწავლა განახლდა, თუმცა არცერ ქართულ სკოლაში პირველკლასელები არ ჰყავთ.
როგორც “მედიანიუსს” ახალგორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ყორჩიშვილმა განუცხადა, ოკუპირებულ რაიონში ისეთი მდგომარეობაა, ხალხს ხმამაღლა ქართულად ლაპარაკისა და სიმღერის ეშინია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ახალგორელების ნაწილი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა, ოკუპირებულ რაიონში ბავშვების შეყვანას მაინც ერიდებიან.
“საბედნიეროდ, ოკუპანტებსა და სეპარატისტებს ქართული სკოლები ჯერ არ გაუუქმებიათ. იმისთვის, რომ ქართულენოვანმა სკოლებმა ფუნქციონირება არ შეწყვიტონ და მათ გასაუქმებლად ადგილობრივმა სეპარატისტულმა მთავრობამ ბავშვების სიმცირე და უსახსრობა არ მოიმიზეზოს, პედაგოგებს ხელფასს ქართული მხარე უხდის. გარკვეული თანხით, სასწავლო დაწესებულებებს, სეპარატისტული ადმინისტრაციაც აფინანსებს”,_აღნიშნა “მედიანიუსთან” საუბრისას ავთანდილ ყორჩიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო დროს სულ უფრო მეტი ახალგორელი უბრუნდება საკუთარ სახლს.
“მოსახლეობა რაიონში არსებულ სამეურნეო მიწებს ამუშავებს და ეს ძალიან კარგია. ვისაც ოკუპაციამდე ეზარებოდა მუშაობა, ის მუშაობით ახლაც არ იკლავს თავს. უსაფრთხოებას იმიზეზებენ და მხოლოდ მთავრობის დახმარების იმედად ცხოვრობენ. ის ოჯახები კი, რომლებიც ომამდე მეურნეობით ირჩენდნენ თავს, მიწებს ახლაც ამუშავებენ. ვისაც მუდმივად დარჩენის ეშინია, რაიონში სისტემატურად შედის და გამოდის. ჯერჯერობით მიმოსვლაზე პრობლემები არ არის”,_აღნიშნა “მედიანიუსთან საუბრისას ავთანდილ ყორჩიშვილმა.
ცნობისთვის არსებული მონაცემებით, ახალგორის რაიონის ქართულ სკოლებში კლასებში 2-3, მაქსიმუმ 4 მოსწავლე ირიცხება. ზოგიერთ სკოლაში კი, მოსწავლეთა რაოდენობა 10-ს არ აღემატება.