ლეიბორისტული პარტია გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჟან ზერმატენს წერილით მიმართავს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, ისინი გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტს სპეციალური კომისიის შექმნის თხოვნით მიმართავენ, რომელიც საქართველოში ჩამოვა და განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.
,,ჩვენ შევადგინეთ წერილი და მივმართეთ გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჟან ზერმატენს, რათა მათ გამოყონ სპეციალური მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და შეისწავლის განათლების სფეროში არსებულ მძიმე მდგომარეობას”- აღნიშნა შატბერაშვილმა.
მისი თქმით, 1 სექტემბერი ათეულობით წლის განმავლობაში ბავშვებისათვის ცოდნის და განათლების ზეიმი იყო.
,,ეს საზეიმო დღე, დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენს ბავშვებს მოუშალა, რადგანაც მათ წაართვა ბედნიერი ბავშვობა, მოუსპო სკოლის გამოყენების საშუალება, წაართვა დედა ენა, მასწავლებელი და წიგნები. არსებული 3 ათასი სკოლიდან დაიხურა 1200 სკოლა”- აღნიშნა შატბერაშვილმა.
მისი თქმით, კატასტროფულადაა გაძვირებული სახელმძღვანელოები, ბავშვთა ტანსაცმელი და საკვები, ასევე ტრანსპორტი, რომლით სარგებლობის გარეშეც, ბავშვებს სკოლაში სიარული უკვე აღარ შეუძლიათ.
,,ეს ყველაფერი წარმოადგენს ჩვენი ბავშვების გენოციდს, კულტურულ გენოციდს. თვით გაეროს მონაცემებით, ჩვენი ბავშვების 20 პროცენტზე მეტს მოსპობილი აქვს განათლების მიღების უფლება, საქართველო კი გაეროს მიერ მომაკვდავი ერების სიაშია შეყვანილი. ეს გასაკვირი არაა, რადგან ამ ქვეყნის ბავშვებს წართმეული აქვთ კონსტიტუციით დეკლარირებული ელემენტარული უფლება, ეს არის განათლების უფლება”- განაცხადა შატბერაშვილმა.