Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დედა გრიზლი – ფემინიზმის ახალი სახე

სალომე უგულავა
კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2011-09-05

ის მოსაზრება, რომ იმდენნაირი ფემინიზმი არსებობს, მსოფლიოში რამდენი ფემინისტიცაა, სიმართლისგან ძალიან შორს არ დგას. თუმცა, ითვლება, რომ ფემი­ნისტებს მემარცხენე პოლიტიკური პლატ­ფორმა აერთიანებთ. დღესდღეობით იმ მი­მართულებათა გვერდით, როგორიცაა რა­დიკალური ფემინიზმი, მარქსისტული ფემინიზმი, ლიბერალური ფემინიზმი, ეკოფე­მინიზმი და სხვა, მედიის ყურადღებას იპ­ყრობს და ნელ-ნელა მკვიდრდება ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი – კონსერვატი­ული ფემინიზმი.

საკითხის გააქტიურება, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სარა პეილინის, მიშელ ბაკმანისა და სხვა გავლენიანი კონსერვატორი ქალი პოლიტიკოსების სახელს უკავშირდება.

თუ ბაკმანი ამ ტერმინის გამოყენებას ერიდება, სარა პეილინი 2010 წლის შუალედური არ­ჩევნების კამპანიისას და შემდეგ, საჯარო გამოსვლებში თავს ფემინისტს უწოდებდა. პოლი­ტიკოსი საკუთარ თავსა და თანამოაზრეებს კიდევ ერთი სახელით – “დედა გრიზლებად” მოიხსენიებს. იმ თვალსაზრისით, რომ ისინი  უშიშრად იცავენ და დაიცავენ თავიანთ შვილებს, როდესაც მათ საფრთხე დაემუქრებათ. საფრთხედ პეილინი იმ პოლიტიკურ ცვლილებებსა და გადაწყვეტილებებს ასახელებს, რომელიც მომავალ თაობას ვნებს. დე­დების როლს ხაზს იმიტომ უსვამს, რომ ისინი პირველები ხვდებიან, “როდესაც რაღაც რიგ­ზე არაა”.
ჩაის წვეულების დიდ ნაწილს, რომელსაც პეილინი ლიდერობს, სწორედ ქალები წარმოადგენენ. როგორც 2010 წლის ნოემბერის გამოკითხვებმა აჩვენა, ამერიკელი ქალე­ბის უმრავლესობა ფიქრობს, რომ კერძო სექტორს ეკონომიკის გაჯანსაღება და მეტი სამუ­შაო ადგილის შექმნა  მთავრობაზე უკეთ  შეუძლია. სწორედ ეკონომიკა და სამუშაო ადგი­ლები იყო ის საკითხები, რამაც უამრავ ქალს უბიძგა, “დიდი მთავრობის” წინააღმდეგ, ჩაის წვეულების საპროტესტო მოძრაობას შეერთებოდა.

 როგორც პეილინი ხსნის, თანამედროვე კონსერვატიული ფემინიზმი ნიშნავს, რომ შვილე­ბის ყოლის და ოჯახს მიღმა აქტიური საქმიანობის შეთავსება შესაძლებელია. მას თანამოაზ­რეებთან ერთად ახალგაზრდა ქალების გამხნევება სურს. ეუბნება, რომ  საკმარისად ჭკვია­ნები და ძლიერები არიან საიმისოდ –  არა მხოლოდ ოჯახური ცხოვრება და ოჯახს მიღმა საქმიანობა შეუთავსონ – არამედ განუზრახავ ორსულობასაც გაუმკლავდნენ. მთავარი სა­კითხი კონსერვატიულ ფემინიზმში სწორედ ესაა – ქალებმა უნდა შეძლონ შიშის გადალახ­ვა  და ვალდებულების აღება სიცოცხლის დასაცავად, ყველაზე ადრეულ ეტაპზეც კი.

სარა პეილინისა და სხვა კონსერვატორი ქალების ფემინის­ტურმა თვითიდენტიფიკაციამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფემინისტური მეინსტრიმიდან უამრავმა ავტორ­მა მათ საკუთარ კლუბში მიღებაზე უარი უთხრა.  ერთ-ერთი პირველი, თანამედროვე ფემინისტთა გურუ გლორია სტეი­ნემი იყო, რომელმაც პეილინის განცხადებები ფემინიზმის შეურაცხყოფადაც მიიღო. სხვებიც აცხადებენ, რომ ვინც აბორტს დაუშვებლად მიიჩნევს, არ შეიძლება, ფემინისტი იყოს.

 სწორედ აბორტის უფლება არის ყველაზე სენსიტიური და ფუნდამენტური სადავო საკითხი, თანამედროვე მეინსტრიმულ ფემინისტებსა და მათ შორის, ვინც კონსერვატორ ფემინის­ტებს უწოდებს თავს. პირველები თვლიან, რომ ეს ქალის არჩევანია, რომელიც მას ათავისუფლებს. მეორენი კი, ამბობენ, რომ აბორტი მკვლელობაა და ის უფლება ვერ იქნება. ეს ქალები თავს სიცოცხლის დამცველ ფემინისტებსაც უწოდებენ. ისინი აკრიტიკე­ბენ მათ, ვინც ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობისთვის მიმართული ბრძოლა, სიცოცხლის განადგურების უფლების მოპოვებისთვის ბრძოლამდე დაიყვანა.

 გარდა ამისა, კონსერვატორი ფემინისტები ამბობენ, რომ ქალების სახელით ლაპარაკი არ შეიძლება ექსკლუზიური უფლება იყოს. ყველას, ვისაც ქალებისთვის უკეთესი ცხოვრება უნდა, შეუძლია თავს ფემინისტი უწოდოს. ისინი თანამედროვე მეინსტრიმულ ფემინისტებს, ჩაკეტილ საზოგადოებას უწოდებენ, რომელსაც განსხვავებულობის მიღება არ შეუძლია. თვლიან, რომ მსგავსი დამოკიდებულება ქალის დამცირებაა. აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია, მრავალ საკითხზე განსხვავებული აზრი შეიქმნას – აბორტიდან დაწყებული, ეკო­ნომიკით დამთავრებული.

 დღეს კონსერვატორი ქალები სხვა ფემინისტებს იმასაც საყვედურობენ, რომ მათ წლების განმავლობაში მთავრობის ზრდა და სხვადასხვა სფეროში ჩარევა წაახალისეს. თავად  სწო­რედ ამის წინააღმდეგ აპირებენ ბრძოლას. თანამედროვე ფემინისტებს ორმაგ სტანდარ­ტებშიც ამხელენ. თვლიან, რომ მათი ყურადღება ქალების ჩაგვრაზე ისეთ საზოგადოებებში­ა მიმართული, სადაც ამის საჭიროება არ არის. ამ დროს კი, მაგალითად, მხარს უჭერენ გაეროს, სადაც ირანი, ქალთა უფლებების ერთ-ერთი მთავარი დამრღვევი, ქალთა სტატუ­სის შესახებ კომისიაში აირჩიეს.

 აზრთა სხვადასხვაობამ და ურთიერთკრიტიკამ ფემინიზმის შესახებ დისკუსია განაახლა –  იმაზე, თუ რა არის მისი არსი, ვის შეიძლება ეწოდოს ფემინისტი და რა როლი აქვთ მათ თა­ნამედროვე პოლიტიკურ პროცესებში.

 ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იოლი არაა. ცოტა თუ იდავებს იმაზე, რომ ფემინიზმი არც არის და არც არასოდეს ყოფილა ერთიანი იდეოლოგია. მისი ისტორია უამრავ კონფლიქტს, დებატსა და უთანხმოებას მოიცავს.
ფემინიზმის ყველაზე გავრცელებული ენციკლოპედიური განმარტებაა, რომ ეს არის თეო­რია სქესთა შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ თანასწორობაზე. მეორადი განმარტებით, ფემინიზმი მაშინ არსებობს, როდესაც ქალთა სახელით მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ორგანიზებუ­ლად მოქმედებენ. ეს განმარტებები ვერც ყველა მიმართულებას იტევს და სიტყვებიც – უფ­ლებები და ინტერესები – ძალიან ბევრჯერ სხვადასხვანაირად განმარტეს.

 საწყის ეტაპზე მიზნები ბევრად უფრო ცხადი იყო – ქალები ითხოვდნენ, რომ მამაკაცების თანასწორი პოლიტიკური და იურიდული უფლებები ჰქონოდათ – ხმის მიცემიდან დაწყებული, საკუთრების უფლებით დამთავრებული. ამას, სხვადასხვა ფაქტორების ხელშეწყობით, მსოფლიოს დიდ ნაწილში მიაღწიეს კიდეც. შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ ქალთა მოძრაობამ თავი ამოწურა. თუმცა, 60-იან წლებში ფემინიზმმა თავი ახალი სახით იჩინა –  იდეოლოგიად იქცა და პოლიტიკური განზომილებაც შეიძინა.

60-იანელი ფემინისტებისთვის, რომლებსაც მეორე ტალ­ღის ფემინისტებს უწოდებენ, უფლებრივი თანასწორობა აღარ იყო საკმარისი. ამბობდნენ, რომ მიუხედავად უფლებ­რივი თანასწორობისა, ქალებს, კულტურული ნორმებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში წინსვლისას ბევრი დაბრკოლება ხვდებათ. მეორე ტალღის სლოგანი გახდა – პირადი პოლიტიკურია. მას შემდეგ ფემინისტები ეძებენ გზას, რომ მეტად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, რათა გარდაქმნან “პატრიარქალური” მსოფლიო. თუ როგორ და რა გზით, ამაზე შეთანხმება ნამდვილად არ მიღწეულა. ფემინიზმი ბევრი მიმართულებით გაიშალა – მარქსიზმიდან დაწყებული, ლიბერალიზმით დამთავრებული. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ფემინიზმი ყოველთვის მარცხენა ფრთაზე იყო და ანტიკაპიტალისტურო­ბით გამოირჩეოდა.
ფემინისტური იდეები ევროპიდან საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შემოვიდა. ერ­თ-ერთ პირველ ფემინისტად ეკატერინე გაბაშვილი ითვლება. მან ქალებისთვის ხელსაქ­მის სკოლაც გახსნა, სადაც მოსწავლეებს ზოგად განათლებასაც აძლევდა. ხელობის სწავ­ლამ ამ ქალებს საკუთარი შემოსავალი გაუჩინა. საგანმანათლებლო მოძრაობის გვერდით, მე-20 საუკუნის დასაწყისში სუფრაჟისტული მოძრაობა გააქტიურდა, რომელიც უკვე ქალე­ბის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ისახავდა მიზნად. მას ბრიუსელში განათლებამიღე­ბული კატო მიქელაძე ხელმძღვანელობდა. ის ფემინისტურ გაზეთსაც – „ხმა ქართველი ქალისა” – რედაქტორობდა.  რაც შეეხება საბჭოთა პერიოდს, ქალებისა და მამაკაცების გა­თანაბრება სახელმწიფოს დეკლარირებული პოლიტიკის ნაწილი იყო, ამიტომ ამას ქალთა მოძრაობის მიღწევად არ თვლიან.
ქართული, თანამედროვე გაგებით, ფემინისტური მოძრაობა, რომელიც პოლიტიკურ პრო­ცესებზე გავლენას მოახდენდა, საქართველოში არც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე არ­სებობდა და არც შემდეგ. დღეს ქართველი ფემინისტები, ძირითადად, რამდენიმე არასამ­თავრობო ორგანიზაციის ფარგლებში აქტიურობენ. ერთ-ერთი მიმართულება, მაგალითად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაა. მათი ნაწილი ასევე თვლის, რომ ქალები პო­ლიტიკაში უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები, რასაც ხელს გენდერული სტერეოტი­პები უშლის. ამის მაგალითად, პარლამენტში სულ 9 ქალის ყოფნა მოჰყავთ. შესაბამისად, ისინი გენდერული კვოტირების იდეას ლობირებდნენ. ეს იდეა, როგორც დისკრიმინაციუ­ლი და არასაჭირო, უარყვეს.

 ოპონენტები ამბობენ, რომ ქალებს ხელოვნური ბარიერები არ აქვთ. დანარჩენი კი მათ სურ­ვილსა და აქტიურობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სტერეოტიპებს, სოციოლოგიურ კვლევებს იმოწმებენ. მაგალითად, 2009 წელს, NDI-ის მიხედვით, საქართველოს მოსახლეო­ბის მხოლოდ 4%-მა თქვა უარი, რომ არჩევით თანამდებობაზე ქალ კანდიდატს მისცეს ხმა.

დღესდღეობით, ცივილიზებულ მსოფლიოში ბევრი ქალი მათი სახელით მოლაპარაკე ფემინისტებთან საერთოს ვერ პოულობს. ზოგიც თვლის, რომ თანამედროვე ფემინისტებს სარგებელზე უფრო მეტი ზიანი მოაქვთ ქალებისთვის და მთლიანად დასავლური საზოგადოებისთვის. მოძრაობა ფუნქციურადაც დრომოჭმულად მიაჩნიათ. ეს განსაკუთრე­ბით იმ საზოგადოებებზე ითქმის, სადაც ქალებს საჯარო სივ­რცეში წარმატებას მისაღწევად ხელს არაფერი უშლის და არჩევანის თავისუფლებაც გარანტირებული აქვთ. მათ შეუძლიათ, მხოლოდ კარიერაზე იზრუნონ, ანაც მხოლოდ დიასახლისის როლი მოირგონ. ცხადია, ამ ორი და სხვა საქმიანო­ბების შეთავსებაც მათ სურვილზეა დამოკიდებული.

 ამის ფონზე კონსერვატორი ქალების ნაწილის მხრიდან საკუთარი თავის ფემინიზმთან იდენტიფიცირება, გასაკვირია. თუმცა, მეორე მხრივ, მათ ვერავინ დაუშლის ქალებთან და­კავშირებული საკითხების ფემინიზმის სახელით ადვოკატირებას. შესაძლოა, მიზანიც ისაა, რომ რამდენიმე ჯგუფს, ქალთა ბედნიერებისთვის მებრძოლთა ერთადერთობის ექსკლუზი­ვი ჩამოერთვას 

 რამდენად წარმატებული იქნება კონსერვატიული ფემინიზმი და გამოუჩნდებიან, თუ არა მხარდამჭერები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, ჯერჯერობით, ნამდვილად რთული განსასაზღვრია. 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker