საზოგადოებრივი მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერი ეკა ბესელია სახალხო დამცველის აპარატის 2011 წლის ზაფხულის მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი დასმა მოითხოვა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული ვითარება უაღრესად კრიტიკული და უკიდურესად მძიმეა, რისი დასტურიც სახალხო დამცველის ოფისის 2011 წლის ზაფხულის მონიტორინგის შედეგები და 2011 წელს გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია. მისი თქმით, სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2011 წლის დასაწყისში 67 პატიმარი გარდაიცვალა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცილებით მეტია.
ეკა ბესელია ე.წ. უდოს კომისიის მუშაობასაც გამოეხმაურა და ის უარყოფითად შეაფასა.
,,მინდა გამოვეხმაურო ე.წ. უდოს კომისიის მუშაობას, რომელსაც ვაფასებ უარყოფითად, რადგან გათავისუფლება ხშირად არ ეხება იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც კანონოთ დადგენილ ყველა პირობას აკმაყოფილებენ”- აღნიშნა ბესელიამ და დასძინა, რომ აღნიშნულმა კომისიამ სრულიად უკანონოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ომარ ქუცნაშვილს.
ბესელიას თქმით, არის ბევრი შემთხვევა, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას პატიმარი სასჯელის მოსახდელად არ გადაყავს იქ, სადაც მათ ეკუთვნით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის გამოც პატიმრების ოჯახის წევრები მათ ნახვას ხშირად ვერ ახერხებენ.
ეკა ბესელიას განცხადებით, ცემისა და წამების ფაქტებზე გამოუძიებელ საქმეთა სიმრავლე დაუსჯელობის განცდას ქმნის და ახალისებს საჯარო მოხელეებს დანაშაულებრივი ქმედებები განაგრძონ.
,,არსებული ვითარება მოითხოვს მინისტრის ხათუნა კალმახელიძის, ასევე გლდანის #8, რუსთავის #6 საპყრობილის დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხს, იმ დანაშაულებრივი ფაქტების გამო, რასაც მოყვა მსჯავრდებულთა გარდაცვალება, ასევე უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი-მონიტორინგის საბჭო, რომელიც გამჭვირვალეს გახდის შეწყალებისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხთა კომისიების მუშაობას. გარდა ამისა, ობიექტურად და სწრაფად უნდა გამოიძიონ პატიმართა წამებისა და გარდაცვალების ყველა ფაქტი და შედეგები საჯაროდ საზოგადოებას გააცნონ”- აღნიშნა ბესელიამ და დასძინა, რომ აღნიშნული მოთხოვნები დიპლომატიურ წრეებს და საერთაშორისო ევროპულ ორგანიზაციებსაც გადაეგზავნებათ.