კატეგორია: გენდერული პოლიტიკა  2012-03-26
გაეროს ერთობლივი პროექტის – „გაეროს ინიციატივა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად საქართველოში“ – მიერ ორგანიზებული შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებულ მხარეთა შორის გენდერული თანასწორობის სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესება და თანამშრომლობის ხელშეწყობა. შეხვედრაზე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ 2011-2013 წლებში გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის და 2011–2012 წლების ოჯახში ძალადობის შესახებ ეროვნული გეგმის პროექტებს, გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ამოცანებსა და საქმიანობას და ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების და პროექტების შესახებ.
დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ფაფიაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ჯემი მაკგლოდრიკი, დონორი ორგანიზაციების–მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროკომისიის, აშშ, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთის საელჩოების და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე: „გაეროს ერთობლივი პროექტი “გაეროს ერთობლივი ინიციატივა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად საქართველოში” 2006 წლიდან მოქმედებს. გაეროს მოსახლეობის ფონდი წარმოადგენს პროექტის მმართველ სააგენტოს. გაეროს ერთობლივი პროექტის მიზანია გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებს შორის კოორდინაციის და დიალოგის მხარდაჭერა გენდერული პოლიტიკის სფეროში.“
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გენდერული თანასწორობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით. უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება: საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, საქართველოს კანონი ოჯახური ძალადობის აღკვეთის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, საქართველოს კანონი ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. თითოეული ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი ქვეყანაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ეფექტური მექანიზმია. მიუხედავად ამ წინგადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ დიდი ძალისხმევაა საჭირო რეალური გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის, რაც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში:
-საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით 134 ქვეყნიდან 84 ადგილზეა; -შეზღუდულია ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განსაკუთრებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში: ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტსა (150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალი) და აღმასრულებელ ხელისუფლებაში (19 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალი). ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეულ ქალთა რაოდენობა მცირდება ყოველი არჩევნებისას და ამ ეტაპზე მხოლოდ 11%-ს შეადგენს; -მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების 55%-ს ქალები შეადგენენ, ქალები მუშაობენ უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე და ნაკლებ შემოსავლიან ეკონომიურ სექტორებში; შესაბამისად, მათი საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი მამაკაცების ხელფასის მხოლოდ ნახევარია. -მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენდერული ძალადობა, რომლის მსხვერპლთა აბსოლუტურ უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. საქართველოში ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია თავისი მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან; 35.9% აღნიშნავს, რომ მეუღლის/პარტნიორის მხრიდან გამოუცდია ძალადობის სხვადასხვა ფორმები ქცევის კონტროლის მიზნით; ქალთა 78.3%-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს და მისი ოჯახის გარეთ გატანა დაუშვებელია; ქალთა 34.1% ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს;
-ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ფენომენია ადრეული ქორწინებები, მოტაცება ქორწინების მიზნით, ე.წ. “ღირსების მკვლელობებიც” კი;
- შესამჩნევია სიღარიბის ფემინიზაცია. ქალები ქვეყნის ღარიბ მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ;
-დაბალია მამაკაცთა პასუხისმგებლობა და ჩართულობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში: აივ ინფიცირებულ ქალთა 90%-მეტი დაინფიცირებულია პარტნიორის მიერ; მაღალია სქესობრივი გზით გადამდები დაავედებების და მათი მიზეზით გამოწვეული უშვილობის მაჩვენებელი;
-სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობა ქალები და გოგონებია, ხოლო იძულებითი მუშაობისათვის – მამაკაცები და ვაჟები;
წყარო |