ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე, დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საარჩევნო მისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს შეეხო.
„ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე, „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს თუ არა მისიის ანგარიშში გამოქვეყნებულ რეკომენდაციას, რომელიც ქალი კანდიდატების რაოდენობის გაზრდას გულისხმობს, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მათ არავის რჩევის გათვალისწინება არ სჭირდებათ.
„მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნურად უნდა შეივსოს სიები ქალი კანდიდატებით. კოალიციაში არის ბევრი ქალბატონი და არ ვაპირებთ ეს ხელოვნურად გავზარდოთ. რაც შეეხება იმას, რომ ამ დროისთვის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატები მეტწილად მამაკაცები არიან, შეიძლება იმის ბრალია, რომ ჯერ ბოლომდე არ გახმაურებულა კანდიდატების ვინაობა. შესაძლოა ამ დროისთვის ისე დაემთხვა, რომ მხოლოდ მამაკაცების კანდიდატურები გახდა ცნობილი“-აღნიშნა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს დემოკრატიული ინსტიტუტის საარჩევნო მისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც პოლიტიკური პარტიებს რეკომენდაციით მიმართა, გამოიყენონ საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, რომელიც პარტიაში ქალი კანდიდატების რაოდენობის გაზრდით, დამატებითი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს.