სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშრებით, სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების სხდომა გაიმართა.
განსახილველი განცხადებების სიმრავლიდან გამომდინარე პირველ ეტაპზე განიხილეს მსჯავრდებული ქალბატონების შუამდგომლობები.
ადგილობრივი საბჭოების დებულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად პირთა ინდივიდუალურად შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად ფასდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 26 აპრილს #5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება დატოვა 17-მა ქალბატონმა.
პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 22 აპრილამდე დაწესებულება დატოვა 126-მა ქალბატონმა, მათ შორისაა 1 არასრულწლოვანი, მაშინ, როცა 2012 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პირობით ვადამდე მხოლოდ 16 ქალბატონი გათავისუფლდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სხდომა კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.