სასტუმრო "რედისონში" კონფერენცია სახელწოდებით "გენდერი და სასამართლო: ქალების ჩართულობა სასამართლო სისტემაში" მიმდინარეობს. კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკსტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად გახსნა.
ღონისძიება ტარდება USAID-ის მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების, დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის მხარდაჭერით. კონფერენციის მიზანია სასამართლოების მართვაში და მართლმსაჯულების განვითარებაში ქალების როლის გაზრდის ხელშეწყობა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი არიან იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ქალი სპიკერები, მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები და გენდერის სპეციალისტები, რომლებიც საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის მრავალფეროვნების ხელშეწყობა, ქალთა უფლებები სასამართლო დარბაზში, რა ცვლილებები შეიძლება მოახდინონ ქალმა ლიდერებმა, რატომ უნდა ითამაშონ ქალებმა უფრო მნიშვნელოვანი როლი სასამართლო სისტემის განვითარებაში და სხვ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, სასამართლო ხელისუფლება, ალბათ, ერთადერთი ხელისუფლებაა, სადაც ქალებისა და მამაკაცების თანაფარდობა ერთნაირია. მისი თქმით, თითქმის 48% ქალბატონები მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, 2005 წლის შემდეგ, როდესაც სასამართლო რეფორმა დაიწყო და დღეისთვის არსებობს 177 ახლადდანიშნული მოსამართლე, მათ შორის 85 არის ქალბატონი, 92 კი - მამაკაცი.
"2005 წლამდეც ბევრი ქალბატონი მუშაობდა და ეს ტენდენცია ალბათ არ შეიცვლება. ვფიქრობ, მათი როლი კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს განმტკიცებული და უფრო მეტი ქალი უნდა ვიხილოთ ხელმძღვანელ თანამდებობებზე", - განაცხადა კუბლაშვილმა.
ამასთან, კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, მართლმსაჯულება დღეს არის დაწინაურებული იმ გაგებით, რომ ბევრი კარგი ქალია მოსამართლე.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, არიან ის მოსამართლეებიც, რომლებსაც შეცდომების გამოსწორება სჭირდებათ, მაგრამ ძალიან ბევრი ქალი მოსამართლე ღებულობს სიმართლის დადგენაში მონაწილეობას.
რაც შეეხება პროკურატურას, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, აქ საქმე სანაქებოდ არ არის და უნდა გაძლიერდეს ქალთა მონაწილეობა პროკურატურაში იმ დონეებზე, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ.
მინისტრის თქმით, ერთადერთი ქალი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს პროკურატურაში ეს არის თბილისის პროკურორი.