სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ, 19 პატიმარი ქალი გაათავისუფლა. გათავისუფლებულთაგან 1 ორსულია, 2 კი, მრავალშვილიანი (მათ შორის 8 შვილის დედა), ასევე, სხვადასხვა მძიმე დაავადებების მქონე 40-დან 60 წლამდე ასაკის მსჯავრდებულები. კომისიამ 21-22 ივნისის სხდომაზე განიხილა იმ მსჯავრდებულთა განცხადებები, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და სასჯელის სრულ მოხდამდე დარჩენილი აქვთ 12-თვემდე. კომისიამ ასევე გაითვალისწინა მათი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა და ასაკი. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 22 ივნისამდე, მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად საპატიმრო სასჯელისგან პირობით ვადამდე 180 ქალბატონი გათავისუფლდა.