საარჩევნო კანონმდებლობაში ინიცირებულ სიახლეებთან დაკავშირებით, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ქალების საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, პარტია მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესი წარმოდგენილი იქნება სულ მცირე 30%-ით.
გარკვეული ცვლილებები შეეხება აუდიტის სამსახურის საქმიანობასაც. კერძოდ, პარტიისთვის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება ნებართვის მისაღებად მიმართოს სასამართლოს. ასევე, შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური, ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისათვის აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება მოიპოვოს სასამართლოს თანხმობა. ზუსტდება სასამართლო მექანიზმები აუდიტის სამსახურის მიერ უკანონო შემოწირულობის თუ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხებზე.
პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაცია თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. პარტიის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის უფლება კვლავ უბრუნდება სასამართლოს კომპეტენციას.
აღნიშნული ცვლილებების შესახებ განცხადება საარჩევნო კანონმდებლობაში ინიცირებულ სიახლეებთან დაკავშირებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენცია გააკეთა.