უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, თვითმმართველ ორგანოებში ქალების დასაქმების მაჩვენებელი „ლამის ნულის ტოლია“. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა პარლამენტის 2013 წლის 25 ივლისის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განაცხადა.
27 ივლისს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესული ერთ–ერთი ცვლილების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო სიაში გენდერულ ბალანსს დაიცავენ, ბიუჯეტიდან დაფინანსება გაეზრდებათ.
FactCheck-ი, რომელიც საპარლამენტო სხდომების მონიტორინგს აწარმოებს და პოლიტიკოსთა განცხადებების ფაქტობრივ სიზუსტეს ადგენს, დაინტერესდა არის თუ არა თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა ჩართულობა მართლაც „ლამის ნულის ტოლი“.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 1688 მანდატიდან მხოლოდ 169 მანდატი მოიპოვეს ქალებმა, რაც საერთო რაოდენობის 10%–ია. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეს მაჩვენებელი 10,8%-ს შეადგენდა. 2006 წელს 1733 მანდატიდან მხოლოდ 188 ხვდა წილად ქალებს.
დღეისთვის, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 169 ქალია არჩეული, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 10%–ს შეადგენს. ამასთან, ამ მიმართულებით სახეზეა კლების ტენდენცია და დინამიკის გაუარესება. ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე საშუალო ევროპული 32%, თუმცა, ის ნამდვილად მეტია ვიდრე „ნული პროცენტი“, ან თუნდაც „ლამის ნული პროცენტი“.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება „თვითმმართველობის ორგანოებში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა, ქალების ჩართულობა თვითმმართველობის ორგანოებში არის ლამის ნულის ტოლი, ნული პროცენტია ჩართულობა”, არის მეტწილად მცდარი.