საუდის არაბეთის სამეფოს ისტორიაში პირველად გასულ კვირას ქვეყანაში სახლსა თუ სამსახურში მომხდარი ძალადობის ნებისმიერი ფორმა კანონგარეშედ გამოცხადდა.
მინისტრთა საბჭოს თანხმობა კანონის მიღების თაობაზე პირველი შემთხვევა იყო ქვეყნის ისტორიაში, როცა ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა დასჯად დანაშაულად ოფიციალურად გამოაცხადა.
როგორც “საუდის გაზეთი” იუწყება, დამნაშავეებს შესაძლოა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ, ან დაჯარიმდნენ მაქსიმუმ 13 300 დოლარის ექვივალენტის ადგილობრივი ფულადი ერთეულით.
ახალი კანონი ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის შექმნასაც ითვალისწინებს. ასევე განსაზღვრულია კონფიდენციალობის გარანტიები მათთვის, ვინც ძალადობის ფაქტის შესახებ ოფიციალურ სტრუქტურებს აცნობებს.
“ეს არის კარგი კანონი, რომელიც სამეფოს საზოგადოების ძირითად ნაწილს - ქალებს, ბავშვებს და ოჯახში ან ოჯახს გარეთ დასაქმებულებს ემსახურება,” - აცხადებს ხალედ ალ-ფახერი, ადამიანის უფლებათა ეროვნული საზოგადოების გენერალური მდივანი “როიტერთან” საუბრისას.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობა ისეთი პრობლემაა, რომელიც ისლამურ სამყაროში, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა იმალება, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია ამოქმედდა, მოთხოვნით: გამოაშკარავდეს ოჯახში ძალადობის შემთხვევები. “მეფე ხალიდის საქველმოქმედო ფონდის” მხარდაჭერით შეიქნა რეკლამა ჩადრიანი ქალის გამოსახულებით, რომელსაც თვალი აქვს ჩალურჯებული. სოციალური რეკლამის სლოგანია: “ზოგიერთი რამ არ შეიძლება დაიფაროს, ერთად ვებრძოლოთ ქალის მიმართ ძალადობას.”
მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის აკრძალვა საუდის არაბეთში ქალის უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, აქტივისტები მიუთითებენ, რომ ამ კანონის აღსრულება რთული იქნება.
ძალადობის საწინააღმდეგო ჯგუფის “თანასწორობის” წარმომადგენელი სუად აბუ-დაიე, BBC-ისთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საჭიროა სპეციალური პროგრამები, ტრენინგები მათთვის, ვინც კანონის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, მით უფრო სასამართლოს წარმომადგენლებისთვის. აბუ-დაიე ასევე აცხადებს, რომ პრობლემურია ქვეყნაში არსებული მეურვეობის სისტემაც, რომლის თანახმადაც ყველა ქალს მამაკაცი მეურვე უნდა ჰყავდეს. ეს კი შესაძლოა კანონის განხორციელებისას დაბრკოლებად იქცეს. Human Rights Watch-ი აქამდეც მიუთითებდა სამეფოში არსებულ მეურვეობის პოლიტიკაზე, როგორც სქესობრივი სეგრეგაციის ნიშანზე.
“საუდის არაბეთის მთავრობა მამაკაცების მიერ ქალზე კონტროლის შენარჩუნებით ადამიანის საბაზისო უფლებებს არღვევს,” - ამბობს ფარიდა დიეფი, HRW-ის მკვლევარი ახლო აღმოსავლეთში. “საუდელი ქალები ვერ მიაღწევენ პროგრესს, სანამ ხელისუფლება არ დაასრულებს ძალადობას, რომელიც ამ მცდარი პოლიტიკით წარმოიშვება.”