ქეთევან ნოზაძე კატეგორია: დევნილები  2014-04-04
2 აპრილის, გორის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გამართა სამუშაო შეხვედრა ,,ერთი ფანჯრის პრინციპით". შეხვედრის მიზანი იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების მოძიება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული წარმომადგენელი, ასევე, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა 12 პრობლემური შემთხვევა, მათ შორის, ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხი. შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით ადგილზე მოიძებნა პრობლემის გადაჭრის გზები.
ბენეფიციარებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რომელ უწყებას უნდა მიმართონ პრობლემის მოსაგვარებლად. საკონსულტაციო შეხვედრაზე განხილული შემთხვევების გარდა გამოიკვეთა სხვა თემებიც, კერძოდ, მოსახლეობის ინფორმირების საკითხი.
პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“, ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტიორობით. პროექტი ხორციელდება ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.
წყარო: პორტალი GINSC |