კატეგორია: დევნილები  2014-04-17
2014 წლის 15-16 აპრილს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები გასვლითი ვიზიტით იმყოფებოდნენ სამეგრელოს რეგიონში და მოინახულეს სოფელ რუხში, განმუხურში, ახალ აბასთუმანში, რიყესა და ტყაიაში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები.
ვიზიტის მიზანი იყო განსაკუთრებული პრობლემური შემთხვევების გამოვლენა და შესწავლა ,,ერთი ფანჯრის” პრონციპის საკონსულტაციო შეხვედრისთვის, რომელიც გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე წლის მაისის თვეში.
აღნიშნულ შეხვედრაშე მოწვეულნი იქნებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლთა კომპეტენციაშიც შედის გადაჭრის გზების მოძიება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მათ დასახმარებლად.
ვიზიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთ კომპაქტურ ცენტრში ძალზე მძიმე საცხოვრებელი პირობებია, ამას ემატება დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, საზღვრისპირა სოფლებამდე მისასვლელი დაზიანებული გზა, რის გამოც ტრანსპორტი ცუდად მოძრაობს და უჭირთ რაიონულ ცენტრტან კომუნიკაცია. ეს პრობლემა თავის მხრივ ქმნის კიდევ ერთ ბარიერს მიიღონ ინფორმაცია და სრულად ისარგებლონ ჯანდაცვის სახელმწიფო სერვისით.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას. საუბარი გაიმართა პროექტის ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას.
ვიზიტი განხორციელდა პროექტის - ,,ქალები თანასწორობის მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში”- ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.
წყარო: პორტალი GINSC
|