სოფელ ხურვალეთიდან ერთერთი გატაცებულის ახლობელი ამბობს, მას დაუკავშირდნენ და დაკავებული ქალების გათავისუფლებისთვის თითოეულ მათგანზე 500 ლარი მოსთხოვეს. ეს ინფორმაცია "დიას" გადამღებ ჯგუფს მათ სოფელ ხურვალეთში აცნობეს. სოფელ ხურვალეთიდან რუსული ჯარის წარმომადგენლებმა სამი ადგილობრივი მკვიდრი გუშინ საღამოს იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ისინი საქონელს მწყემსავდნენ. რუსუდან ხუროშვილი, ზეინაბ ხარხელი და ლალი ხუროშვილის ადგილსამყოფელი მათი ოჯახის წევრებისთვის ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება გათავისუფლების სანაცვლოდ მოთხოვნილ თანხას, ისინი ამ მხრივ დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ და ამბობენ, რომ ე.წ. ჯარიმის გადახდის საშუალება არ გააჩნიათ.
ე.წ. მესაზღვრეებმა 3 ქალი სოფლის განაპირას დააკავეს და ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაიყვანეს. დაახლოებით ერთი საათის წინ დაკავებულების ოჯახის წევრებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პაპუნა კობერიძე შეხვდა. "დიას" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობს.