სალომე მოდებაძე კატეგორია: დევნილები  2015-07-30
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 57-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
კერძოდ, დღეს, 18 საათზე ცხინვალის იზოლატორიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, განთავისუფლებული იქნება გურამ გეგელაშვილი. მეორე საკითხი ერთი წლის წინ გაუჩინარებულ საქართველოს მოქალაქეს ეხებოდა. 2008 წლის ომში საქართველოს მთავრობის მიერ „მხედრული მამაცობისთვის“ დაჯილდოებული სამხედრო, რომან შიტიკოვი, ქართული მხარის ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, მან დევნილის სტატუსი მიიღო და, ამჟამად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება.
აგრეთვე, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ სოფლებში სარწყავი წყლის აღდგენის საკითხიც. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში ამუშავდება საირიგაციო არხი ზონკარის მიმართულებით, შესაბამისად, სარწყავი წყალი მიეწოდება როგორც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად, ისე – არაკონტროლირებად ტერიტორიას. შემდეგ შეხვედრაზე კი განსახილველ საკითხთა შორის ასევე დადგება სარწყავი წყლის არხის აღდგენა ცხინვალი–ერგნეთის მონაკვეთზე.
როგორც ქართული მხარე იუწყება, სოფელ ხურვალეთთან ჩამოხსნილ საქართველოს სახელმწიფო დროშას, ოსური მხარე ქართულ მხარეს უახლოეს მომავალში, საგამოძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადასცემს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 23 სექტემბერს ჩატარდება. ადგილზე იმყოფებოდა და ინფორმაცია მოგვაწოდა გენდერული საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტმა.
წყარო: GIA |