Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დევნილთა განსახლების მტკივნეული პროცესი

კატეგორია: დევნილები 
2015-08-05

საქართველოს მთავრობა განაგრძობს დევნილთა დაკმაყოფილებას საცხოვრებელი ფართობით. 2014 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 700-მდე დევნილს გადასცა ბინა. თბილისსა და რაიონებში შენობების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საკუთრებაში მიიღებს ბინას 1000-ზე მეტი ოჯახი. დევნილებისთვის ბინები შენდება ზუგდიდში, ქუთაისში, ვაზიანსა და თბილისში, თუმცა, როგორც ირკვევა, დევნილთა ნაწილი უკმაყოფილოა როგორც ბინების საკუთრებაში გადაცემის ტემპით, ასევე რიგითობის განსაზღვრის წესით. როგორია დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების მექანიზმი?

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 მარტს მიიღო კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“, რომლის მიხედვით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს დევნილთა გრძელვადიანი განსახლება უსაფრთხო და ცხოვრების ღირსეული პირობებით. 2013 წელს ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბინით უზრუნველყოფას საჭიროებდა 58,5 ათასი ოჯახი. დევნილთა პარტიის თავმჯდომარის ლელა გულედანის თქმით, 2008 წლიდან დღემდე ბინებით დაკმაყოფილდა მხოლოდ 30 ათასამდე ოჯახი, მაშინ როცა მათი საერთო რაოდენობა 97 ათასია.

„ასეთი ტემპებით, როგორითაც მუშაობს სამინისტრო, და იმ ფინანსური რესურსებით, რომელიც მას აქვს, დევნილების განსახლების პროცესი 19-20 წელი გაგრძელდება, მოუგვარებელი და დაუმთავრებელი პროცესი იქნება. დევნილები მრავლდებიან. სტატუსს იღებენ ჩვენი შვილები და, შესაბამისად, განსახლების პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდება“, უთხრა ლელა გულედანმა რადიო თავისუფლებას.

 

ლელა გულედანი მიიჩნევს, რომ დევნილთა განსახლების პროცესი უნდა დასრულდეს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, რისთვისაც, თუ საჭრო იქნება, სახელმწიფომ უნდა აიღოს გრძელვადიანი სესხი, რითაც გამოირცხება დევნილების კატეგორიებად დაყოფა და ამ ნიადაგზე დისკრიმინაციის შესაძლებლობა:

„არ უნდა ხდებოდეს დევნილების კატეგორიებად დაყოფა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. იმდენი ფული მოგვცეს დახმარების სახით, რომ კონფლიქტების თემით სახელმწიფო გამდიდრდა კიდეც. ეს თანხა მიზნობრივად არ დახარჯულა. რომ დახარჯულიყო, დღეს ყველა დევნილი დაბინავებული იქნებოდა. აქ მიდის კერძო სექტორისა და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ურთიერთდაპირისპირებაც. თითქოს, სამინისტრო შეგნებულად აპირისპირებს დევნილებს და ამის გამო ხალხი გაღიზიანებულია“.

თუმცა, პასუხად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გრძელვადიანი განსახლების პროცესში სამინისტრო ხელმძღვანელობს მინისტრის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით, რომელიც, სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მურად აბლოთიას თქმით, ადგენს როგორც ფართების განაწილების პროცედურას, ასევე კრიტერიუმსა და რიგითობას:

 

„კრიტერიუმების მიხედვით, პრიორიტეტი ენიჭება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ომში დაღუპული წევრები, ომის ვეტერანები, ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ ავარიულ შენობებში ან აქვთ მძიმე საცხოვრებელი პირობები“.

რაც შეეხება დევნილთა განსახლების პრობლემის გადასაჭრელად საჭირო თანხის მოძიებას, მურად აბლოთიას თქმით, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა ამ მიზნით სესხის აღების საშუალებას. ბინებით უზრუნველყოფა ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. ამასთან, მურად აბლოთიას თქმით, გადაწყვეტილებას ბინების განაწილების შესახებ იღებს არა მინისტრი ან რომელიმე თანამდებობის პირი, არამედ სპეციალური კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმებით:

„ქვეყნდება სიები წინასწარი შეფასებებით. სამი კვირის განმავლობაში ნებისმიერ დევნილს შეუძლია გადაამოწმოს თავისი მონაცემები და, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. კომისიას შეაქვს ცვლილებები და შემდეგ აქვეყნებს დაზუსტებულ ვარიანტს. შემდეგ ადგილზე მისვლით ხდება ოჯახების მდგომარეობის შესწავლა და ამის შემდეგ იღებს კომისია საბოლოო გააწყვეტილებას. ასევე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან სახალხო დამცველი, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სისტემატურად განიხილავენ ახალ წინადადებებს და სწავლობენ ვითარებას“.

მურად აბლოთიას თქმით, გრძელვადიანი განსახლების უზრუნველყოფა ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით:

„დევნილები ფაქტობრივად რომ ფლობდნენ „კომპაქტურ ობიექტებს“, მათი საკუთრებაში გადაცემა ხდება. მიმდინარეობს რეაბილიტირებული ობიექტების ბინებად გადაკეთება და მათი გადაცემა. ასევე ხდება ახალი ბინების გადაცემა, სოფლად დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვა, კერძო მესაკუთრეებისგან იმ ობიექტების გამოსყიდვა, სადაც დევნილები ცხოვრობენ და მათთვის გადაცემა - ყველა ამ მიმართულებით ბოლო 2,5 წლის განმავლობაში 7 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული“.

სამინისტრო თბილისშიც ყიდულობს ბინებს ადგილობრივი მენაშენეებისგან. დევნილებისთვის ოლიმპიურ სოფელში უკვე შეძენილი აქვს 600-მდე ბინა. სამინისტრო ასევე აპირებს ქუთაისში 25 თექვსმეტსართულიანი, ხოლო ზუგდიდში 34 თორმეტსართულიანი კორპუსის აშენებას დევნილებისათვის.


წყარო 

ტეგები: საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები განსახლება დევნილები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker