გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში, ქართულ ენაზე სწავლება დღეიდან ოფიციალურად აიკრძალა. იქ არსებული სკოლები უკვე მოსკოვის დებულებით ხელმძღვანელობენ, რომლის თანახმად სასწავლო საათებში ქართულ ენას, როგორც უცხო ენას, მხოლოდ ერთი საათი აქვს დათმობილი.
როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა, ეს ყველაფერი მათგან დამოუკიდებლად ხდება, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
„მსგავს რაღაცეებს ჩვენ არავინ გვითანხმებს. ჩვენ, როგორც უუფლებო ხალხი ისე ვცხოვრობთ, რადგან ოკუპანტების გავლენის ქვეშ ვართ. ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებამ. მათ საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში უნდა ჩააყენონ. ის მონაპოვარი რაც 22 წლის განმავლობაში იყო შენარჩუნებული, დღეს ოკუპანტებმა გაანადგურეს. მთავრობა ამ ფაქტს დუმილით შეხვდა, ჩვენ მათ მოვუწოდებთ არ შეეგუონ და გააპროტესტონ, თუმცა ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი აფხაზეთში დაბრუნებით არის დაინტერესებული“, - ამბობენ ადგილობრივები.