2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ქართული მოსახლეობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. პარალელურად, აგვისტოს ომის საქმის გამოძიებას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი გეგმავს, რომელიც ამჟამად თბილისშია. ჰააგის პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებთან შეხვედრასაც გეგმავდა და დეტალები მათგან უნდა მოესმინა. თუმცა, როგორც გაირკვა ფატუ ბენსუდა დაზარალებულებს გამოძიების შემდეგ ეტაპზე შეხვდება.
ჯერჯერობით ისიც უცნობია, ომის შედეგად დაზარალებულები ჰააგის სასამართლოს ჩვენებას როდის მისცემენ ან გადაუგზავნიან. როგორც „პოლიტკომერსანტისთვის" ცნობილი გახდა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამას ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციისა და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" მეშვეობით გააკეთებს. საია-ში გვითხრეს, რომ გამოძიების დაწყებამდე სასამართლოსთვის ჩვენებების მიწოდება არ მოხდება. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ჰააგის სასამართლოსთვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება წიგნი „აგვისტოს ნანგრევებში", რომელშიც თავმოყრილია არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ.
„პოლიტკომერსანტი" დაინტერესდა რა მოლოდინები აქვთ დევნილებს, ჰააგის სასამართლოში ომის დანაშაულის შესაძლო გამოძიებასთან დაკავშირებით?
ცხინვალიდან დევნილი ნუნუ ჭოველიძე „პოლიტკომერსანტთან" საუბარში ამბობს, რომ ჰააგის პროკურორს აუცილებლად შეხვდება და იმედოვნებს, რომ აგვისტოს ომის საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ:
- „მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ეს საქმე გამოძიებული იქნება და დამნაშვეებიც დაისჯებიან. ჩემი სახლი ომის დროს არ განადგურებულა. ომის მერე მოროდიორობა დაიწყო, სახლი ჯერ გაძარცვეს, მერე კი დაწვეს. ეს ჩემმა თანასოფლელებმა საკუთარი თვალით ნახე. მე დიდი ლიახვის ხეობიდან ვარ. 2008 წლის 8 აგვისტოს იქაურობა დავტოვე, რადგან ხეობაში რუსის ჯარისკაცები და ოსი „ბოევიკები" შემოვიდნენ. როგორც მეზობლებმა მითხრეს, ჩემს სახლში პირველად რუსი ჯარისკაცები შესულან, შემდეგ ოსი ბოევიკები. ასევე, ოსი ქალებიც. მე ეს ყველაფერი ჩემს ჩვენებაში დავწერე, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივეცი. მათ ჩემი საჩივარი სტრაბურგში გაგზავნეს".
„პოლტკომერსანტმა" ომის დროს დაზარალებულების ის ჩვენებებიც მოიპოვა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს გადაუგზავნეს. არასამთავრობოებმა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჩივრები რუსეთის წინააღმდეგ, სტრაბსურგის სასამართლოში დაახლოებით ოთი წლის წინ შეიტანეს. თუმცა, საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ამ ეტაპზე სტრასბრუგის სასამართლო საქართველო-რუსეთს შორის არსებულ დავას განიხილავს, რომლის დასრულების შემდეგ, ინდივიდუალური საჩივრების განხილვას დაიწყებს.
„პოლიტკომერსანტი" ნუნუ ჭოველიძის ჩვენებას, მისი ნებართვით აქვეყნებს, რომელიც მან საია-ს 2009 წლის 11 ივლისს მისცა: „მე, ნუნუჭოველიძე, დავიბადექალაქცხინვალში, საქართველო, 1953 წლის 1 სექტემბერს. 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ვცხოვრობდი გორის რაიონის სოფელ ძარწემში", - ასე იწყება ჩვენი რესპოდენტის ჩვენება, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადაში მუშაობდა და დიდი ლიახვის ხეობაში ბოლო წუთამდე დაჭრილებს ეხმარებოდა. თუმცა, ხეობაში რუსი სამხედროების შემოსვლის შემდეგ, იძულებული გახდა იქაურობა დაეტოვებინა.
„2008 წლის 7 აგვისტოს ისმოდა კანტი-კუნტი სროლები შორიდან დიდი ლიახვის ხეობაში. სროლები ისმოდა ცხინვალის მისადგომებიდან. შეიძლება ვცდები კიდეც. ძნელია ზუსტად განსაზღვრო საიდან ისროდნენ. გარშემო ხეობაში მთებია და მთებს ექო ჰქონდა, რაც სროლის მიმართულების დადგენას აფერხებს. 7 აგვისტოს მორიგე ვიყავი ქურთის სასწრაფო დახმარების ბრიგადაში, სადაც გამსვლელ ექიმად ვმუშაობდი. 24 საათიანი მორიგეობა მქონდა, დილის 9 საათიდან მეორე დილის 9 საათამდე. 7 აგვისტოს, დღის 3 საათიდან ხეობის თავზე გამოჩნდნენ რუსული თვითმფრინავები. დაიწყეს ბომბების ჩამოყრა ხეობის სხვადასხვა სოფლებში. საღამოს 7 საათზე პირველი გვყავდა. 7 აგვისტოს მთელი ღამე სროლები იყო ხეობაში. მათ შორის, ქურთის მიმართულებით. ჩვენი საავადმყოფოს მიმართულებითაც ისროდნენ. მემთელი ღამებრიგადასთან ერთად გამოძახებებზე დავდიოდი: ვიყავი აჩაბეთში, თამარაშენში, ქემერტში, კეხვში. ძირითადად დაჭრილები იყვნენ. ამასთანავე იყო ფსიქიური აშლილობები მოსახლეობას შორის, ასთმიანებს შეტევები დაეწყოთ, წნევიანებს კრიზები. 8 აგვისტოს მეზობელი მომადგა სახლში და მითხრა, რუსის ჯარისკაცები სოფელ კეხვში უკვე შემოვიდნენ, მათთან ერთად ოსებიც და უნდა გავიქცეთო. ამის მერე მე და ჩემი მეუღლე ჩავსხედით ჩემიმეუღლის 099 მარკის მსუბუქ ავტომანქანაში და წამოვედით გორში. დაახლოებით 8 აგვისტოს საღამოს 7-30 საათი იყო. ჩვენ როცა მოვდიოდით, თავზე დაგვტრიალებდნენ თვითმფრინავები. თითქოს ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვდევდა ომი. შემოვლითი გზით წამოვედით და ერედვში, რომ გადავედით თვითმფრინავიდან ერედვი დაბომბეს. გზაზე ხალხმა გაგვაჩერა და ვინც მანქანაში ჩაეტია, წამოვიყვანეთ. გორისკენ მიმავალ გზაზე იყო ინტენსიური მოძრაობა, გორის მიმართულებით. მოსახლეობა გამორბოდა, ფეხითაც და ყველანაირი ტრანსპორტით, ურმითაც კი", - წერია ჭოველიძის ჩვენებაში.
ანალოგიური შინაარსისაა 50-მდე საჩივარი, რომელიც ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციამ დევნილების ჩვენების საფუძველზე შეკრიბა და სტრასბურგში გასაგზავნ საქმეს დაურთო. არასამთავრობო ორგანიზაციაში გეგმავენ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს სხვა დაზარალებულებთან ერთად, ეს ჩვენებებიც გააცნონ.
თუმცა, დევნილებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივად არ დაობს. ზოგიერთს ბრძოლის სურვილი არ ჰქონდა, ზოგმაც ამის შესახებ გვიან გაიგო და სურვილის მიუხედავად ვერ მოახერხა.
მაკა კახნიაშვილი ცხინვალის რაიონ სოფელ კეხვიდან დევნილია. აგვისტოს ომის დროს თბილისში იმყოფებოდა: -„როცა ომი დაიწყო, იმ დროს თბილისში ვიყავი. ამიტომ. ცხინვალში შესვლა ვეღარ მოვახერხე. სოფელში დედ-მამა იყვნენ. როცა დაბომბვა დაიწყო, დედა გამოქცეულა, მაგრამ ვერ გამოასწრო და ადგილზე დაიღუპა. 40 დღე მამა დაკარგული იყო, ვფიქრობდი, ცოცხალი აღარ იქნებოდა. მერე გამოჩნდა. თუმცა, ომის მერე, მალევე ისიც გარდაიცვალა. მარტო დავრჩი, არავინ მყავს. თბილისში ქირით ვცხოვრობ. თანასოფლელებისგან ვიცი, რომ ომის შემდეგ ჩვენი სახლი მიწასთან გაასწორეს. ყველაფერი დავკარგე... სამწუხაროდ, სამართლებრივი დახმარება ვერავისგან მივიღე, არც არავინ მყავდა, ვინც დამაკვალიანებდა. პირველად თქვენგან მესმის, რომ ეს შესაძლებელი ყოფილა. თავის დროზე ვინმეს, რომ ეთქვა, მაშინ საჩივარს მეც დავწერდი. ახლა კი, ეს გამორიცხულია. ასე მგონია, რომ მაინც არავინ დამეხმარება", - გვითხრა მაკა კახნიაშვილმა.
კობა კახნიაშვილი ასევე სოფელ კეხვიდან დევნილია. აგვისტოს ომის დროს მოხალისედ იბრძოდა. იქაურობა 8 აგვისტოს დატოვა. ომის შედეგად სახლ-კარი დაკარგა. ამჟამად, გარდაბანში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. თავის დროზე სარჩელის შედგენაში ერთი ორგანიზაცია დაეხმარა. თუმცა, არასათანადოდ შედგენილი სარჩელი სტრასბრუგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო: -„როგორ ჩანს, გამართული ინგლისური ენით დაწერილი არ იყო. არ ვიცი, არ ვერკვევი, ფაქტია, რომ უკან დამიბრუნეს. მერე ვცადე სხვების დახმარებით კვლავ გამეგზავნა, მაგრამ ამას გარკვეული თანხა სჭირდებოდა, რაც არ მქონდა. ამიტომ, სარჩელი ვეღარ გავგზავნე. ამჟამად, ვეტერანთა ჰოსპიტალში ვწევარ, იქიდან გელაპარაკებით... მაქვს თუ არა იმედი საქმის გამოძიების? რა თქმა უნდა, კი. სხვა შემთხვევაში ის პროკურორი ტყუილად ხომ არ ჩამოვიდოდა." - გვითხრა კობა კახნიაშვილმა.