გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ახალი, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.
შენობა 70 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაგა-ბაღით სარგებლობას გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის - ზემო და ქვემო ნიქოზის, ზემო ხვითის სკოლამდელი ასაკის ბავშვები შეძლებენ.
ნიქოზის ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და USAID/NEO-ის თანადაფინანსებით ჩაუტარდა.
რეაბილიტირებული შენობა USAID-ის რეგიონული კონტრაქტების ოფისის დირექტორმა მაიკლ როსმანმა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა, გორის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტნე თავზარაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გახსნეს.
პროექტი 250 კვადრატული მეტრის შენობის, საბავშვო ბაღის ეზოს/სათამაშო მოედნისა და გათბობის სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 202 500 ლარი შეადგინა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ბაგა-ბაღი ექსპლოატაციაში უკვე შევიდა.