ესპანეთის მთავარ პარტიებს შეიძლება შეთანხმების გაფორმება მოუწიოთ, ვინაიდან კვირას ჩატარებულმა არჩევნებმა აშკარა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. თუმცა ესპანელ ქალებს ნამდვილად შეუძლიათ გამარჯვება იზეიმონ - მათ ქვეყნის პარლამენტში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ეყოლებათ, რაც ოდესმე ყოლიათ.
ქალები ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატის 39,4 პროცენტს შეადგენენ, რაც 138 ქალ პარლამენტარს ნიშნავს. მართალია, 138 ქალისა და 212 კაცის თანაფარდობის პირობებში, აბსოლუტური თანასწორობა ჯერ კიდევ მისაღწევია, მაგრამ ეს ქვეყნისთვის დიდი გამარჯვებაა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით.
შედარებისთვის 2011 წლის პარლამენტში 125 (35%) ქალი იყო; 1979 წლის არჩევნებში კი, რომელიც პირველი დემოკრატიული არჩევნები იყო ფრანკოს რეჟიმის შემდეგ, ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ 5,1 პროცენტი იყო.
ესპანეთის კანონებით, საარჩევნო სიებში არცერთი სქესი არ უნდა იყოს წარმოდგენილი 60%-ზე მეტით. წელს 605 სია 2 263 კაცს (52%) და 2 090 ქალს (48%) აერთიანებდა.
ქალებისთვის ყველაზე მეტი ადგილი - 49,28% - მემარცხენე პარტიამ Podemos მოიპოვა. პარტია ასევე პირველია, რომლის კანდიდატთა შორის შავკანიანი პარლამენტის წევრი - რიტა ბოსაო - იქნება. ის პირველი ქალია, რომელიც თავის რეგიონში - ალიკანტეში - საარჩევნო სიის სათავეში იყო და საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.
რიტა ბოსაოს ალიკანტეს ფემინისტურ ჯგუფებთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს; მთელი კარიერის მანძილზე მუშაობდა ადამიანის უფლებებზე და ქალთა უფლებებზე.
ქალთა წარმომადგენლობის მაღალი მაჩვენებელი (45,56%) აქვთ სოციალისტებსაც. წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში სოციალისტთა ლიდერი პედრო სანჩესი ხაზს უსვამდა ფაქტს, რომ მის პარტიაში უფრო მეტი ქალია საარჩევნო სიების სათავეში, ვიდრე სხვა რომელიმე პარტიაში. სახალხო პარტიას, რომელმაც ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა არჩევნებში, თუმცა აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მიაღწია, ქალთა 35,77%-იანი წარმომადგენლობა ყავს.
არჩევნების შედეგად თავისი ადგილი შეინარჩუნა ესპანეთის მთავრობის ყველაზე ცნობილმა წევრმა ქალმა - ვიცე-პრემიერმა სორაია საენს დე სატამარიამ. წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მან პოპულარობით ესპანეთის პრემიერ მინისტრსაც კი გაუსწრო, როდესაც სამ სხვა კანდიდატთან სატელევიზიო დებატებში პრემიერის ნაცვლად გამოვიდა.