„მშვიდობის ფონდის“ დამფუძნებელი, გიორგი ტუმასიანი ფონდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ეთნიკური უმცირესობების უფლებების ადვოკატირებისა და პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მარნეულის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ხვდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”მშვიდობის ფონდიდან” აცნობეს, შეხვედრების ფარგლებში „მშვიდობის ფონდის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი პროგრამა გააცნეს.
„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ყურადღების დეფიციტს განიცდიან. ხშირად ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი პრობლემების შესაბამის უფლებამოსილ ორგანომდე ან პირამდე მიყვანას. სწორედ ამიტომ ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამ პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ვმუშაობთ თითოეული პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიმართულებით როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.
მისი თქმით, „მშვიდობის ფონდი“ გეგმავს რეგიონალური აქტივობის მნიშვნელოვან ზრდას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სხვა რეგიონებშიც. გარდა ამისა, ადგილობრივებთან შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეთნიკური სომხების სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითად გამოწვევებს.
„ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფის პრობლემები აისახოს სხვადასხვა პარტიის პროგრამაში. მშვიდობის ფონდი ამ მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს“, - აცხადებს გიორგი ტუმასიანი.