გალში დღეს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრაზე ქართული მხარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურაჩში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა.
უწყების ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა 24 მაისს თავის რუს კოლეგას გრიგორი კარასინს ტელეფონით დაუკავშირდა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი განიხილა.