გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 32-ე სესიის ფარგლებში ლატვიის დელეგაციამ, გაერო-ს 42 სახელმწიფოს სახელით, გააკეთა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული ერთობლივი განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ასევე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო. აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქის, დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლოდროინდელი განცხადებები ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე ხელს არ უწყობს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
განცხადება ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მეტი ჩართულობის აუცილებლობას და მოუწოდებს რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, უზრუნველყოს უპირობო, შეუფერხებელი წვდომა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.
აღნიშნულ განცხადებაში გაერო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.