„ირაკლი ალასანია – თავისუფალმა დემოკრატებმა“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს, სულ 19 პირი. ამათგან, 18 კაცია და მხოლოდ 1 ქალი.
საინტერესოა, როგორ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთი ქალის ყოფნა იმ პარტიის კანდიდატებს შორის, რომელმაც 2016 წლის მარტში გამართა აქცია–პერფორმანსი – "მეტი ქალი პოლიტიკაში". აქციას მაშინ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც დაესწრო. როგორც მან აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ის მხარს უჭერს კვოტირების სიტემას. მისი თქმით, უსამართლობაა, როდესაც ქალებს საკუთარი უფლებების დაცვა არ შეუძლიათ. ამასთან, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ამბობდა, რომ პარტიაში 30%-იან კვოტას დაამკვიდრებდა და მაგალითს მისცემდა სხვა პარტიებს.
„საქართველოს პარლამენტში ქალთა ხმების სიმცირეა, რაც უსამართლობაა. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ მაგალითს ვაძლევთ სხვა პარტიებს და ჩვენ პარტიაში ვამკვიდრებთ 30%-იან კვოტას“, - განაცხადა მაშინ ირაკლი ალასანიამ.
როგორც ჩანს, 2016 წლის არჩევნების წინ, პარტიის ლიდერს დაავიწყდა საკუთარი ნათქვამიცა და ქალების როლიც პოლიტიკაში. ირაკლი ალასანიას დაპირება 30%-იან კვოტირებასთან დაკავშირებით, დაპირებადვე დარჩა.
ამ თემასთან დაკავშირებით „პირველი ნიუს-საქართველო“ უფლებადამცველ ბაია პატარაიას დაუკავშირდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქალთა მოძრაობამ აქტიურად დაიწყო საუბარი პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის აუცილებლობაზე, პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები პოზიტიურად გამოეხმაურნენ ამ წამოწყებას. ისინი აღიარებდნენ პრობლემას, თუმცა, სამწუხაროდ მოხდა ის, რომ კვოტირების შესახებ კანონპროექტი, ჩავარდა.
"ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვქონდა იმედი, რომ საარჩევნო სიაში ვიხილავდით ქალებს, თუმცა, რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა - პარტიებმა უკვე წარადგინეს დეპუტატობის კანდიდატები და ჩვენ იქ ქალებს, სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მორიგი დაპირება, რომლის შესასრულებლად, არაფერი გაკეთდა. ქალბატონები სიებში, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში არიან წარმოდგენილნი, რაც იმას ნიშნავს რომ 2016 წელს პარლამენტი ძირითადად ისევ მამაკაცებით დაკომპლექტდება", - განაცხადა ჩვენთან საუბარში პატარაიამ.
მისივე თქმით, ის, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკურად მოტივირებულები ქალები, ტყუილია. "ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ პარლამენტში ქალები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, ვგულისმხობთ, დაახლოვებით 40–50 ქალს. პარტიები გვპასუხობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით საერთოდ არ მოიძებნება ამ რაოდენობის კვალიფიცირებული ქალი. არადა, რომ გადახედოთ სხვა სექტორებს, იქნება ეს მედია, თუ სხვა სამოქალაქო სექტორი, ქალები აშკარად ლიდერობენ“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ქალების ასეთი დაბალი მონაწილეობა პოლიტიკაში, პირდაპირ კავშირშია გენდერულ უთანასწოროებასთან. პატარაია ამბობს, რომ ამ მხრივ პრობლემები სხვა ქვეყნებშიც გვხდება, თუმცა, საქართველო, ამ პრობლემებით, აბსოლუტური ლიდერია.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ პრობლემები ამერიკასაც კი აქვს, საქართველო გენდერული დისბალანსით უსწრებს არათუ აშშ-სა და ევროპას, არამედ აფრიკის ქვეყნებსაც კი. მართალია პირველად ვართ იმ რეალობაში, როდესაც დიდი შანსია აშშ-ის პირველი პირი ქალი გახდეს, თუმცა, თუ მათი პარლამენტის შემადგენლობას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ამ მხრივ მათთანაც არ არის სახარბიელო სიტუაცია. მაგრამ, საქართველო ჩამორჩება ყველა სხვა ქვეყანას, რაც პირდაპირ კავშირშია ქალების დისკრიმინაციასთან, რომელმაც ასეთი ფორმა მიიღო", - ამბობს პატარაია და დასძენს, რომ პარტიები ამუშავებენ ქალებს, იყენებენ მათ რესურს, თუმცა, საბოლოოდ, არ უშვებენ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების ბერკეტებამდე.
"პირველი ნიუს-საქართველო" შეეცადა აღნიშნულთან დაკავშირებით მოეპოვებინა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების კომენტარები, თუმცა, არცერთმა მათგანმა, ჩვენ სატელეფონო ზარს, არ უპასუხა.