ერთ-ერთ ახლომდებარე მაღაზიაში შვილისთვის მაისურის საყიდლად შესულმა დოქტორმა რებეკა ჰეინსმა, რომელიც ბავშვთა მედია კულტურის ექსპერტი და რეკლამისა და მედია სწავლების პროფესორია, ბიჭის მაისურზე აი, ასეთი წარწერა აღმოაჩინა: „აღარ მორჩება ჩემი და ლაყბობას?“
პროფესორმა მაისურის ფოტო საკუთარი Facebook-ის გვერდზე განათავსა და იქვე განმარტა, თუ რატომაა ეს წარწერა ერთნაირად შეურაცხმყოფელი ბიჭებისა და გოგონებისთვის და რას მოითხოვს ის ტანსაცმლის მწარმოებლებისგან.
„ეს, ალბათ, სასაცილოა. ვიღაცები ასე ხუმრობენ. მაგრამ სინამდვილეში ასე სულაც არაა“ - წერს ჰეინსი ონლაინ პეტიციის ტექსტში, რომელიც change.org-ზეც გაავრცელა. მისი აზრით, ეს „ხუმრობა“ ძველ სექსისტურ სტერეოტიპს ემყარება, რომელის მიხედვითაც ქალებსა და გოგონებს ბევრი ლაპარაკი სჩვევიათ. ეს კი, თავის მხრივ, ქალთმოძულეობის იდეას ჰგავს - ანუ, გამოდის რომ ის, რაზეც ქალები და გოგონები ლაპარაკობენ, კაცების ყურადღების ღირსი არაა?!
„Target - მე ქალი ვარ. ამ მაისურით რომ ვიმსჯელოთ, ალბათ, არ გსურთ ჩემი მოსმენა, მაგრამ სალაპარაკო გვაქვს. და თქვენ უნდა მომისმინოთ, ამიტომ, შეეშვით შიმპანზესავით მოქცევას და მოიხსენით ყურსასმენები“ - მიმართავს ქალი ტანსაცმლის მაღაზიას და აღნიშნავს, რომ მსგავსი სტერეოტიპული დამოკიდებულება თანაბრად საზიანოა გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც.
„პატარა ბიჭებს არ უნდა ვასწავლოთ, რომ გოგონები უმნიშვნელოები არიან და მერე რა მოხდა, თუ მათ აზრს უგულვებელყოფენ. მსგავსწარწერებიანი მაისურების გამო პატარა გოგონები მიკროაგრესიის სამიზნე ხდებიან თავიანთი ძმებისა და თანატოლი ბიჭების მხრიდან.“
ჰეინსის თქმით, შესაძლოა, ვინმესთვის ეს ერთი უწყინარი წარწერაა მაისურზე, მაგრამ იმ საზოგადოებაში, სადაც ქალებისა და გოგონების ხმა გაუფასიურების პირასაა, მათი აზრები და ინტერესები კი, კაცებთან და ბიჭებთან შედარებით, მეორეხარისხოვანი, რატომ უნდა ყიდდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მაღაზია მსგავს პროდუქციას?
„მე ვთხოვ Target-ს, ახლავე ჩამოხსნას მაისურები მაღაზიიდან. და, რაც მთავარია, მე მივმართავ მათ, შეიმუშაონ პოლიტიკა, რომელიც შეზღუდავს სექსისტურკომენტარებიანი სამოსის წარმოებას და უარს იტყვის ისეთი პროდუქციის გაყიდვაზე, რომელიც აღვივებს ქალთმოძლეობას“ - წერს ჰეინსი პეტიციაში, რომელზე ხელმოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.