დევნილთა ნაწილს შესაძლოა სახელმწიფო შემწეობა მოეხსნას. მთავრობა დევნილთა შემწეობების სფეროში რეფორმას გეგმავს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მოხდება დიფერენცირება და შემწეობა მხოლოდ იმ დევნილებზე გაიცემა, რომლებსაც ეს თანხა რეალურად ესაჭიროებათ: „ჩვენ გვინდა გავაკეთოთ გარკვეული დიფერენცირება, რომ დევნილთა შემწეობები იყოს ორიენტირებული იმ დევნილებზე, რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება, რომლებიც მართლა სოციალურად გაჭირვებულები არიან და არა იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი თანამდებობები, კარგი ხელფასი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.
რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძეც, მისი თქმით რეფორმა ჩატარდება, თუმცა არცერთი დევნილის ინტერესი არ დაზიანდება:
„ამაზე ძალიან ნაადრევია საუბარი, ყველა შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ რეფორმის ჩატარებას რომლის ფარგლებშიც არცერთი დევნილის ინტერესი არ დაზიანდება და ყველ გადაწყვეტილება და სიახლე წაადგება თითოეულ მათგანს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.