საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე თბილისს გუშინ გვიან საღამოს ესტუმრა. სებასტიან კურცი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს. ვიზიტის ფარგლებში ბატონი კურცი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველო- ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლს და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებს. საუბარი ასევე შეეხება ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი კურცი დაესწრება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ერგნეთში და ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას შავშვებში. ბატონო კურცის ვიზიტი ეუთო-ს თავმჯდომარეობის დასაწყისში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ავსტრიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.