კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2017-05-04
4 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „ ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. 24-ვე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ერთხმად იქნა პარლამენტის მიერ მიღებული.
ამგვარად, კანონში შედის შემდეგი ცვლილებები: სამართლებრივად რეგულირდება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების ღონისძიებები. იგი ასევე გავრცელდება ზოგადად ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მათ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში.
ქალთა მიმართ ძალადობა განიმარტება როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა ის ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის ასეთი ქმედების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა როგორც ქალის საზოგადოებრივ, ისე მის პირად ცხოვრებაში.
კანონპროექტით ცვლილება აისახება იმ მუხლებში, რომელიც განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის, ასევე ძალადობის პრევენციის ღონისძიებებს . ცვლილება ეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესს და აღარ არის გათვალისწინებული მისი სასამართლოს მიერ დამტკიცების საკითხი.
კანონპროექტით ხდება რამდენიმე ქმედების კრიმინალიზაცია, კერძოდ: იძულებითი სტერილიზაცია, ქალის გენეტალიების დასახიჩრება, აგრეთვე ადევნება; განისაზღვრება ის გარემოებები, რომლებიც ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებაში დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.
გარდა ამისა ცვლილებების მიხედვით 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება 16 წლამდე მიუღწეველ პირთან ძალადობის გარეშე სრულწლოვანი პირის მიერ გარყვნილი ანდა სექსუალური ხასიათის ქმედება.
ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული, რომლის განხილვისა და დახვეწის პროცესში არასამთავრობო სექტორიც იყო ჩართული.
|