Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-06-14

თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, საბჭოს რიგით მეორე სხდომა გამართა.

 

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, 2017 წლის სამოქმედო გეგმა და საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარმოადგინა. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით საბჭო ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წლის ბოლოს წარადგენს. საბჭოს სხდომას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ესწრებოდნენ.

 

„ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს დასწრებოდნენ სხდომას და ვთხოვეთ ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე ფოკუსირება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ ან კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვები დავუსვათ, ტენდენციები არის ძალიან საინტერესო. საინტერესოა სტატისტიკა, როგორ მიდის მუშაობა და რას აკეთებენ ძალოვანი სტრუქტურები იმისათვის, რომ ოჯახში ძალადობის ან ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე გამოძიება ადეკვატური იყოს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

სხდომაზე საბჭოს წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი და სამოქმედო გეგმის ამოცანები გენდერული თანასწორობის საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა თინათინ ავალიანმა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო გეგმის 26 პროცენტი უკვე შესრულებულია, დაგეგმილი აქტივობების 54 პროცენტი შესრულების პროცესშია და მათზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

 

 

მისი განცხადებით, ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ოთხი მთავარი მიმართულების განხორციელებისთვის მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან და გენდერული საბჭოს ფორმატში იმუშავებენ ექსპერტები, რომლებიც ყველა არსებული კვლევის სისტემატიზაციას მოახდენენ და დამატებით, ქვეყნის მასშტაბით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კვლევებს ჩაატარებენ. კვლევის შედეგებს, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში იქნება დასრულებული, მომავალი სამი წლის სამოქმედო გეგმა დაეფუძნება და გენდერული თანასწორობის ეროვნულ კონცეფციაზე მუშაობა დაიწყება.

 

საბჭო აქტიურად მუშაობს ბიუჯეტირების პროცესზე. მომხსენებლის განცხადებით, უკვე რატიფიცირებულია სტამბულის კონვენცია, მიღებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. შექმნილია თემატური ჯგუფები და მუშაობა დამატებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებითაც გრძელდება.

 

საბჭო მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივაზე

„გეგმის დიდი ნაწილი დაწყებულია, შესრულება გაგრძელდება წლის ბოლომდე. ამ ყველაფრისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს რომელთა დახმარება ამ პროცესში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ წლის ბოლოს საინტერესო კვლევების და შედეგების განხილვა მოგვიწევს,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საბჭოს სხდომაზე ფემიციდის შემთხვევებზე სამართლებრივი რეაგირების გამოწვევებზე, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე გენდერულად მოტივირებული მკვლელობების გამოძიების შესახებ პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს.

 

საბჭომ მიიღო ინფორმაცია ძალადობის და ფემიციდის სტატისტიკისა და განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
მსჯელობა გაიმართა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა დგას. საბჭოს წევრთა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვები ქალთა ფემიციდის მზარდ სტატისტიკას და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების მომზადებისა და დაგეგმვის მეტ საჭიროებას ეხებოდა. საბჭოს წევრთა მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ შესაბამისი უწყებებისადმი ოჯახური დანაშაულების შესახებ მიმართვიანობა გაიზარდა, თავისთავად მათ მიერ წარმოებული კამპანიის შედეგია, თუმცა, არსებული მზარდი სტატისტიკა მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებებია გასატარებელი.

 

„განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები მსგავს ფაქტებს უნდა ამცირებდეს. ასეთი შემთხვევების ზრდა კი გამოძიების გარკვეულ ეტაპზე არსებული პრობლემების მიმანიშნებელია,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

საბჭოს სხდომაზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე მოხსენება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ წარადგინა.

 

მან ამ მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ქალთა და ოჯახში განხორციელებულ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

 

 

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ზოგადად, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. „ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, პარლამენტთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვისაუბროთ როგორც მიღწევებზე, ისე გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. დავინახოთ თანამშრომლობის ის მჭიდრო გზები, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში არსებულ გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მექანიზმებს იმისთვის, რომ საქმიანობა გახდეს მეტად ეფექტიანი და შედეგის მომცემი,“-განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრა შეაფასა.

 

„საბჭოს წევრებს, ისე როგორც დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს საბჭოს საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარმოვუდგინეთ. ჩვენ ამ პერიოდში გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება. მუშაობა დავიწყეთ ისეთი ახალი მიმართულებით, როგორიც არის ბიუჯეტის გენდერული ანალიზი და ამის შესახებ გენდერული თანასწორობის საბჭოს მივაწოდეთ ინფორმაცია. ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო მოხსენებები პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე გენდერულად მოტივირებული მკვლელობების გამოძიების შესახებ. საბჭოს წევრებმა გამოთქვეს გარკვეული შენიშვნებიც ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ძალოვნების საქმიანობა ამ მიმართულებით არის მეტად გასაძლიერებელი და გასააქტიურებელი. ასევე მოვუსმინეთ პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს გენდერული თანასწორობის საკითხებში და დავგეგმეთ ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა მას შემდეგ, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული მიმართულებით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

წყარო 

ტეგები: თამარ ჩუგოშვილი პარლამენტი გენდერული თანასწორობა საბჭო ანგარიში

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker