მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს საკუთრებაში გადასცემენ. დევნილები ბინებს თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში მიიღებენ.
ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 15 ათასამდე დევნილ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი გრძელდება.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს შევუქმნათ შეგრძნება, რომ პირველ რიგში მათ ექნებათ მუდმივი ჭერი და ეს იქნება მათი საკუთრება. არცერთ ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იქნება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ყველას გვაქვს ამის იმედი და არამხოლოდ იმედი. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას და შევძლებთ იმასაც, რომ საქართველო აუცილებლად გაერთიანდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.