ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაანონსებული სადემარკაციო სამუშაოები ოკუპირებულ სოფელ იონჩასთან - ქარელის რაიონის სამ სოფელში - კნოლევი, ცერონისი და ავლევი საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ხნულის გავლებით მონიშნა. ინფორმაციას 1tv ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელზე, ნოდარ კოკილაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
საოკუპაციო ზოლის ამ მონაკვეთზე ე.წ. მანიშნებელი ერთი წლის წინ დამონტაჟდა. ე.წ. ბანერებიდან დაახლოებით ას მეტრში რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის მონიშვნის შემდეგ მავთულხლართების გაბმას დაიწყებენ.
ამ კონკრეტულ ფაქტამდე არსებული მონაცემებით საოკუპაციო ხაზის სიგრძე 350კმ შეადგენდა, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 20 სოფელს შეეხო.
4 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გადმოწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე ადგილზე წინა დღეს დადგეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით, 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგა.