კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2017-07-20
19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაიას დაცვის მხარე დღეს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. მოსამართლემ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
რობერტ ახალაიას წინააღმდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. წინასასამართლო სხდომა 13 სექტემბერს ჩაინიშნა.
ამ დრომდე უცნობია 19 წლის გოგონას მკვლელობის მიზეზი. საქმის პროკურორის გრიგოლ ბიბილაშვილის თქვმით გამოძიება ექსპერტიზის შედეგებს ელოდება და დანაშაულის მოტივს, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დაასახელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რობერტ ახალაიამ 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
|