კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2017-09-18
გენდერული კვოტირების შესახებ პარლამენტში შესულ კანონპროექტზე „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა. ვაშინგტონში ვიზიტისას მან განაცხადა, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია და იმედს გამოთქვამს რომ საკანონმდებლო ორგანოში მოგროვდება საჭირო 76 პარლამენტარის ხმა, რომელიც კანონპროექტს მხარდაჭერას გამოუცხადებს.
ჩუგოშვილის თქმით ეს ინიციატივა პარლამენტში შესულია 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერით და შესაბამისად, ეს არის მოქალაქეების მოთხოვნა და არის ბევრი ადამიანი პარლამენტში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს. მან აქვე განმარტა რომ კანონპროექტში საუბარია არა მთლიანად საარჩევნო სიის 50%-ზე, არამედ პროპორციული სიის 50 %-ზე.
„ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან დაბალი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. კარგია და მიხარია ის, რომ ორი კომიტეტის მხარდაჭერა აქვს უკვე ამ ინიციატივას. დარჩენილი გვაქვს წამყვანი, იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ იურიდიული კომიტეტიც მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს და შემდეგ, პლენარულ სესიაზე უფრო თვალნათელი გახდება, შევძლებთ თუ არა ყველანი ერთად ამ ინიციატივის ბოლომდე მიყვანას“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
რადიო ‘ამერიკის ხმისთვის’ მიცემულ ინტერვიუში მან სინანული გამოთქვა, რომ ქართული ოცნების მერობის კანდიდატებს შორის საქართველოში მხოლოდ ორი ქალია.
კანონპროექტი გენდერული კვოტირების შესახებ უკვე განიხილეს ადამიანის უფლებათა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებში. უახლოეს მომავალში იგეგმება კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტში მოსმენა, რომლის წევრიც თამარ ჩუგოშვილია.
|