კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2017-09-21
მარნეულში მერობისთვის 2 ქალი კანდიდატი იბრძოლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი რადიო 'მარნეული FM' ავრცელებს. ეს ქალაქის ისტორიაში პირველი შემთხვევაა როცა მერის არჩევნებში ქალი კანდიდატები მონაწილეობენ.
პირველი ქალი კანდიდატი პარტია ‘შენების მოძრაობამ’ წარადგინა და ის ლეილა მამედოვაა რომელიც არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთ მოტივად სწორედ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას ასახელებს. მეორე კანდიდატი კი პარტია ‘საქართველომ’ წარადგინა. ის ლიანა ბეჟანიშვილ-მესტვირიშვილია, რომელიც წარმოშობით თეთრიწყაროს რაიონიდანაა თუმცა ბოლო 6 წელია მარნეულში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასწავლის.
მარნეული FM-მა ქალი კანდიდატების შესახებ მოქალაქეების აზრის გაგება, ქუჩის გამოკითხვით სცადა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში არსებული 9 სამსახურიდან ქალი მხოლოდ ერთს ხელმძღვანელობს. საკრებულოს 33 წევრში კი მხოლოდ ერთია ქალი. ქალია საკრებულოს აპარატის უფროსიც.
|