კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-11-21
პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმად 2018 წლიდან ქორწინების ოფიციალური რეგისტრაციის ჩატარებას მუფტიები შეძლებენ.
„გინდათ თქვენ ეს თუ არა, ეს კანონი იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

განცხადებამ უზარმაზარი საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია თურქეთში. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ კანონი ბავშვთა ქორწინების ლეგალიზაციისა და იძულებითი ქორწინების წინაპირობაა, რაც თურქეთის პროვინციებში ხშირი პრაქტიკაა.

თურქეთის კანონმდებლობით ქორწინების მინიმალური ასაკი 17 წლით არის განსაზღვრული, 16 წლის ასაკში კი გოგონებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლიათ დაქორწინება. ბოლო ოთხი წლის მანძილზე, თურქეთში რეგისტრირებულია 232,000 ასეთი ქორწინება. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ თურქეთში ქორწინებების ერთი მესამედი 18 წლამდე გოგონებთან ხდება.
„რელიგიურმა დოგმებმა ღრმა ფესვები გაიდგა თურქეთის მოქალაქეთა საერო ცხოვრებაში. ჩვენ ვხედავთ ამას სკოლებში, ახლა კი ეს ქორწინების დონეზე იქნება... მზად ვართ, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება თურქეთის საერო კონსტიტუციას“- აცხადებენ უფლებადამცველები.
კანონი მუფტიების შესახებ უკვე მიღებულია თურქეთის პარლამენტის მიერ.
|