კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-01-15
ვარშავაში, პოლონეთის სეიმის შენობასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: "სირცხვილი!" და "ქალები აბორტების გარეშე მოკვდებიან". 2000-მდე ადამიანი, ძირითადად ქალები, აპროტესტებდნენ აბორტის შესახებ კანონის გამკაცრებას.
10 იანვარს პოლონეთის მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ აბორტის ლიბერალიზების კანონპროექტი დაბლოკა და სანაცვლოდ, ხმის მისაცემად, კანონის გამკაცრებული ვერსია წარადგინა. საეიმის დეპუტატების უმრავლესობამ, მათ შორის ლიბერალური ოპოზიციის 30-მდე პოლიტიკოსმა, აბორტის კანონის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა.
დაბლოკილი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად ქალთა უფლებადამცველმა კომისიამ წარადგინა და ის ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში აბორტის ჩატარების ყველა აკრძალვას აუქმებდა.

კანონპროექტი ასევე ემსახურებოდა სექსუალური განათლების ამაღლებასა და კონტრაცეპტივებთან წვდომის გამარტივებას.
კენჭისყრის შემდეგ კომიტეტის "გადავარჩინოთ ქალები 2017"ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოლონეთის დეპუტატებს "არ აინტერესებთ ქალის ბედი და მათი ღირსების დაცვა".
მმართველმა პარტიამ, იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, პარლამენტს სანაცვლოდ წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც აბორტის ამკრძალავი კომისიის მიერ იყო ინიცირებული და რომლის მიხედვითაც აბორტის გაკეთება მაშინაც კი დაუშვებელია, როცა ნაყოფი დაზიანებულია.
მმართველი პარტია "კანონი და სამართლიანობა" კონსერვატიული ოჯახის პოლიტიკას ატარებს. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე შეაჩერა ხელოვნური განაყოფიერების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ქვეყანაში კონტრაცეპტული აბების გაყიდვა მხოლოდ დანიშნულების მიხედვით არის დაშვებული.
პოლონეთში აბორტზე ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. 1993 წელს მიღებული კანონით, აბორტი დასაშვებია გაუპატიურების, ინცესტისა და დედის სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში.
|