კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-02-22
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სოციალურ ქსელებში ათასობით მომხმარებელმა გააკრიტიკა რუსული საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი DNS-ი და სექსიზმში დასდო ბრალი.
ინტერნეტში სამშობლოს დამცველის დღესთან (23 თებერვალი) დაკავშირებული სადღესასწაულო რეკლამა გავრცელდა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ მოჰყავს კაცს ტყეში ქალი, ესვრის მას ნიჩაბს და აიძულებს ამოთხაროს ორმო, რომელშიც ქალმა უნდა ჩამარხოს 23 თებერვალთან დაკავშირებული მამაკაცის საჩუქარი. ვიდეოს დასასრულს ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ქალს ესიზმრება და ის მიდის "სწორი" საჩუქრის საყიდლად DNS–ში.

სოციალურ ქსელებში რეკლამამ აღშფოთება გამოიწვია, უმრავლესობამ მას " სექსისტური, მიზოგინური და ძალადობის წამახალისებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის რეკლამა "ძალადობის პროპაგანდას" ეწევა.
DNS- ის დირექტორმა თავის Facebook- ის გვერდზე რეკლამისთვის ბოდიში მოიხადა, „მარკეტინგული იდიოტიზმი“ უწოდა და განმარტა, რომ ვიდეო გადაიღეს ერთ-ერთ რეგიონალურ განყოფილებაში.
რუსეთი იმ 18 ქვეყნის შორისაა, რომელთა კანონები ყველაზე ცუდად იცავენ ქალებს ძალადობისაგან.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურად ოჯახში ძალადობის შედეგად, 14,000 ქალი იღუპება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველ 40 წუთში ერთხელ ერთ ქალს კლავენ.
|