კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-02-23
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თემქაზე 20 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, თემქის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს - 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
|