კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-03-02
კანადის ფინანსთა მინისტრმა ბილ მორნომ წარმოადგინა 2018 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ძირითადად მიმართულია ქალთა ინტერესების დაცვაზე.
"ეს არის გეგმა, რომელიც ადამიანის ინტერესებს აყენებს სათავეში, რომელიც კანადელებში ინვესტირებას ახდენს და რაც მთავარია, მათთვის არის შექმნილი", - განაცხადა მონრომ თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.
ბიუჯეტი, დიდწილად ფოკუსირებულია გენდერული თანასწორობის საკითხებზე და დაკავშირებულია ძალისხმევასთან, რათა ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში გაიზარდოს მომუშავე ქალთა რაოდენობა. ასევე, ბიუჯეტი მიზნად ისახავს სამუშაო ადგილებზე ქალთა და მამაკაცთა შორის ხელფასებში სხვაობის შემცირებას.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, 187 მილიონი დოლარი ასევე გამოიყოფა გენდერული ძალადობისა და შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივებზე.
ბიუჯეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება ითვალისწინებს ახალგაზრდა მამებისთვის ხუთ კვირიანი შვებულების დანერგვას. ეს უნდა დაეხმაროს სახელმწიფოს სტერეოტიპების აღმოფხვრაში, რომლის მიხედვით დედები ავტომატურად იღებენ პასუხისმგებლობას შვილების აღზრდაზე და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობენ კარიერულ ზრდაზე.
ახალი ბიუჯეტი ასევე მოიცავს ზომებს, რომელიც გაზრდის ქალ მეწარმეებისა და მეცნიერების რიცხვს ქვეყანაში.
პირველად კანადას ისტორიაში ბიუჯეტის სრული გენდერული ანალიზი ჩატარდა. სპეციალისტების მიერ გაანალიზებული იქნა თითოეული ღონისძიება, რომელიც გავლენას მოახდენს კაცებზე, ქალებზე, ბიჭებსა და გოგონებზე. ასევე იყო გაანალიზირებული სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა მოსახლეობის ასაკი, ეთნიკური კუთვნილება, შემოსავლის დონე და სხვა.
შეგახსენებთ, რომ კანადა იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე უკეთაა დაცული ქალთა უფლებები და გენდერული ბალანსი.
|